თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) ცნობით, ქართულმა TBC-მ Euromoney-ისგან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) კლიენტთა გამოცდილების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო.
ამასთან, ბანკს ქვეყნის დონეზე კიდევ ორი ჯილდო მიენიჭა - საქართველოს საუკეთესო ციფრული ბანკი და საქართველოს საუკეთესო ბანკი მსხვილი კორპორაციული კლიენტებისთვის.
ხოლო, TBC Capital-მა საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მოიპოვა.
ამავე დროს, TBC უზბეკეთი Euromoney-მ ცენტრალური აზიის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. გარდა ამისა, ბანკმა ქვეყნის დონეზე კიდევ სამი ჯილდო მიიღო - უზბეკეთის საუკეთესო ციფრული ბანკი, საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით და საუკეთესო ციფრული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SME).
გარდა ამისა, Global Finance-მა TBC საქართველო სამომხმარებლო საბანკო მომსახურებაში ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური გამოყენებისთვის დააჯილდოვა. ბანკმა რეგიონულ დონეზე სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო AI ჩატბოტები და ვირტუალური ასისტენტები, სამომხმარებლო დაკრედიტებასა და საკრედიტო რისკის მართვაში ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება და ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენება რისკების მართვაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE).
„ჯილდოები ასახავს ჩვენი შეთავაზებების სიძლიერეს როგორც საქართველოში, ისე უზბეკეთში, ასევე იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ვაღწევთ მომხმარებლის გამოცდილების, ციფრული ბანკინგის, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების, სამომხმარებლო დაკრედიტებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით. ის ფაქტი, რომ საქართველოსა და უზბეკეთში საუკეთესო ციფრულ ბანკად, ხოლო ცენტრალური აზიის მასშტაბით რეგიონულ ლიდერად აღიარეს, ადასტურებს ჩვენი ციფრული შესაძლებლობების სიმტკიცესა და მასშტაბურობას მთელი ჯგუფის ფარგლებში. მომხმარებელთა გზის უწყვეტი გაუმჯობესებით, ჩვენი ციფრული ეკოსისტემების გაფართოებითა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიანი დანერგვით მომხმარებელთა მომსახურებაში, დაკრედიტებასა და რისკების მართვაში, ჩვენ ფინანსურ მომსახურებას უფრო სწრაფს, მარტივსა და შეუფერხებელს ვხდით, ამავდროულად კი ვინარჩუნებთ რისკების მართვის მაღალ სტანდარტებს“, - აცხადებს TBC PLC-ის CEO, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
