თბილისი (GBC) - საქართველოს 5 რეგიონში, სპორტის 15-ზე მეტ სახეობაში სასკოლო ჩემპიონატები იმართება, რომელშიც მონაწილეობას 500-მდე სკოლის 12 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს. სასკოლო ლიგის მხარდამჭერი საქართველოს ბანკის sCoolApp-ია.

მოტივირებული, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი სასკოლო ლიგასთან თანამშრომლობს, რითაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რათა მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარ თავში ახალი პოტენციალის აღმოჩენა.

სასკოლო ლიგის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება მინი-ფეხბურთია, რომელშიც მონაწილეობა 88 სკოლამ მიიღო. ფინალურ რაუნდში ერთმანეთს თბილისის 94-ე საჯარო სკოლა და 207-ე სკოლა შეხვდნენ, სადაც 94-ე სკოლამ ანგარიშით 5:4 გაიმარჯვა. მესამე ადგილზე კი 52-ე სკოლა გავიდა, რომელმაც 149-ე სკოლას მოუგო.

ამასთან, sCoolApp-ისა და School League-ის თანამშრომლობით და Hamaki-სთან კოლაბორაციით, იწყება youtube პროექტი - „კლასგარეშე ლიგა“, რომელშიც მონაწილეობას მინი ფეხბურთის ჩემპიონატის პლეიოფებში გასული გუნდები მიიღებენ და ერთმანეთს სხვადასხვა სახის სპორტულ და ინტელექტუალურ გამოწვევებში შეეჯიბრებიან. 

„საქართველოს ბანკი, როგორც სპორტის და ამ შემთხვევაში კი ფეხბურთის მთავარი ქომაგი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც დაეხმარება მათ, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი პოტენციალი. სასკოლო ლიგასთან ჩვენი პარტნიორობაც სწორედ ამ იდეას ემსახურება. გვინდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს მივცეთ მოტივაცია, არ გაჩერდნენ, მუდმივად ჰქონდეთ სწორება საკუთარი თავის განვითარებაზე. გვჯერა, რომ ეს დაეხმარება მათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. გვახარებს პროექტისადმი გამოვლენილი, მუდმივად მზარდი ინტერესი. წელს სასკოლო ლიგის შეჯიბრში მონაწილეობა 500-მდე სკოლის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, ამასთან, მინი-ფეხბურთის ჩემპიონატში 88 სკოლა მონაწილეობდა. ჩემპიონატის გამარჯვებული უკვე ცნობილია, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მათ და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, ვიხილოთ პერსპექტიული, ფეხბურთის მოყვარული ახალგაზრდები ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკისა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, პირველად სასკოლო ლიგაში გაიმართა კალათბურთის შეჯიბრი. შედეგად, სასკოლო ლიგის ფარგლებში შეხვედრები სპორტის 15-ზე მეტ სახეობაში ჩატარდა.

საქართველოს ბანკის sCoolApp-ის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს