თბილისი (GBC) - საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ADB-ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა მოაწერეს.

პროექტი თბილისის შემოვლითი გზის დაახლოებით 18.9-კმ ოთხზოლიანი საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს. გამოყოფილი დაფინანსება ორ მონაკვეთზე გადანაწილდება:

  • ლოტი 4: თბილისის აეროპორტი – ლოჭინი
  • ლოტი 5: ლოჭინი – რუსთავი

ახალი მაგისტრალის მშენებლობა დედაქალაქში სატრანსპორტო ნაკადებს მნიშვნელოვნად განტვირთავს, გააუმჯობესებს უსაფრთხოებასა და გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო დერეფნების გამტარუნარიანობას.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს. ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან დარახველიძე.