თბილისი (GBC) – რუსული ელექტრონული კომერციის კომპანია Wildberries ყაზახეთში მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრებს აშენებს. ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრ არმან შაკალიევის განცხადებით, ალმათისა და ასტანაში დაპროექტებული ორი საწყობის საერთო ფართობი 260 ათას კვადრატულ მეტრს გადააჭარბებს.
მინისტრის ინფორმაციით, ალმათიში შენდება დაახლოებით 160 ათასი კვადრატული მეტრის ლოგისტიკური კომპლექსი, ხოლო ასტანაში – დაახლოებით 100 ათასი კვადრატული მეტრის. ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება 2027 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
ამჟამად Wildberries ყაზახეთში დაახლოებით 46 ათას კვადრატულ მეტრ სასაწყობე ფართს ქირაობს.
კომპანიის გაფართოება ყაზახეთში ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთში Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებზე დრონებით თავდასხმების სერია დაფიქსირდა. 18 ივლისიდან დღემდე დაზიანდა კომპანიის საწყობები და სადისტრიბუციო ცენტრები რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მოსკოვის, ლენინგრადის, რიაზანის, პენზის, სამარისა და სხვა ოლქებში.
რუსული მხარისა და კომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და განადგურდა პროდუქციის ნაწილი, რის გამოც კომპანიას მიწოდების ჯაჭვების გადამისამართება სხვა სადისტრიბუციო ცენტრებზე მოუწია.
Wildberries-ის ყაზახეთში გაფართოება ასევე უკავშირდება ცენტრალურ აზიის ბაზარზე ელექტრონული კომერციის ზრდას. კომპანია ბოლო წლებში აქტიურად ავითარებს რეგიონულ ინფრასტრუქტურას და ყაზახეთს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბს.
