თბილისი (GBC) - თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ Placemakers თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ლისის ტბასთან ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. პროექტის - The Lake - პირველ ფაზაში ₾47 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც ₾30 მლნ თიბისის დაფინანსებაა.
საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია თანამედროვეობისა და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების გაერთიანებას გულისხმობს. პროექტი ერთ სივრცეში კერძო სახლებსა და Lake house-ს მრავალფუნქციურ შენობას გააერთიანებს. კომპლექსში განთავსდება სხვადასხვა ტიპის გასართობი და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის: ფიტნეს კლუბი, აუზი, ასევე, არტ გალერეა და რესტორანი; მოეწყობა ბიზნეს შეხვედრების სივრცეც, რომელიც განკუთვნილი იქნება LakeHouse-ის კლუბის წევრებისთვის.
პროექტის არქიტექტურაზე როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროფესიონალები მუშაობენ. კომპლექსის მშენებლობა ორ ფაზად განხორციელდება, პირველი ეტაპი კი 2026 წელს უნდა დასრულდეს.
„მოხარული ვარ, რომ თიბისისა და Placemakers-ის პარტნიორობით, თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის კომპლექსი შეემატება. გამორჩეული მდებარეობა, არქიტექტურა და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის; მნიშვნელოვანია, რომ The Lake ბაზარზე ახალ ხედვასა და მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც თიბისისთვის პრიორიტეტულია. უძრავი ქონების სექტორი სწრაფად ვითარდება, რაშიც თიბისი აქტიურად მონაწილეობს - ბოლო 3 წელში ჩვენი პორტფელი 110%-ით გავზარდეთ; უძრავი ქონების დეველოპმენტში თიბისის დაფინანსება ₾1.9 მლრდ-ს შეადგენს და ბანკის წილი ბაზარზე 43%-ია“, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
“ჩვენს გუნდს თიბისისთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ Placemakers-ის პირველ პროექტს - The Lake - სწორედ ასეთი ძლიერი ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერით ვახორციელებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ უძრავი ქონების ბაზარს ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ“, - ნოდარ ადეიშვილი, Placemakers-ის მმართველი პარტნიორი.