თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პ.პ.-ით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (4.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.8%), პური და პურპროდუქტები (1.9%), თევზეული (1.4%), რძე, ყველი და კვერცხი (1.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.09 პ.პ. შეადგინა. ფასები ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.2%) და პირადი ჰიგიენა (2.7%);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პ.პ. შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.4%), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (2.1%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (1.5%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (0.7%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (-3.1%), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (-2.3%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პ.პ.-ით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების (-1.4%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის (-0.3%) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.48 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (16.9%), თევზეული (15.5%), ზეთი და ცხიმი (14.9%), პური და პურპროდუქტები (13.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (12%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.6%), რძე, ყველი და კვერცხი (8.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.5%), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.66 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (6.6%) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.7%).