თბილისი (GBC) - ბათუმის ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი 3 დეკემბრის ღამეს შეჩერდა მას შემდეგ, რაც ობიექტში ერთდროულად შევიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ამის შესახებ ინფორმაციას 4 დეკემბერს „ბათუმელები“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 ადამიანი, მათ შორის ტერმინალის ხელმძღვანელი პირები. რამ გამოიწვია სამართალდამცავი სტრუქტურების ერთდროული შესვლა და რა მიმდინარეობს ტერმინალში, ამ დრომდე უცნობია.

სარკინიგზო გადაზიდვების შეფერხებას ტერმინალის ერთ-ერთი თანამშრომელიც ადასტურებს, რომელიც კონფიდენციალურობის დაცვის პირობით „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ „რამდენიმე რეზერვუართან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რაც კომერციულ საქმიანობას უკავშირდება“.

„ერთდროულად შემოვიდა სუსი და ფინანსური პოლიცია, სპეცრაზმი იყო და გადაზიდვები გააჩერეს… გაჩერდა ტერმინალის რამდენიმე ხაზი, მთლიანად არ გაჩერებულა… გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 ადამიანი, მათ შორის ხელმძღვანელი პირები“, – ამბობს თანამშრომელი.

ფოტო: ბათუმელები