თბილისი (GBC) - 4 ოპოზიციური კოალიციის იურისტებმა ერთობლივ ბრიფინგზე არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევებზე ისაუბრეს. კოალიცია ცვლილებისთვის იურისტის მარიკა არევაძის თქმით, დამნაშავეთა ჯგუფების იდენტიფიცირების მიუხედავად, სამართალდამცავი უწყებები არ რეაგირებენ.

მისი თქმით, ოპოზიციურმა კოალიციებმა შექმნეს ერთობლივი რეესტრი, სადაც ამუშავებენ ინფორმაციას როგორც მოძალადეების, ასევე დაზარალებულების შესახებ, შესაბამისად, ამზადებენ ანგარიშს, რომელსაც უახლოეს დღეებში საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემენ.

"2 დღის წინ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების მორიგ უხეშ დარღვევას და იმ პირობებში, როცა თავისუფალი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებიდან 400 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლებრივი წესით და აქედან, უდიდეს უმრავლესობაზე განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, ამ დღეებში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, ზეწოლა, დაბარებები, სახლში მივარდნები და არცერთი სამართალდამცველი, არცერთი დამნაშავე არ არის რეჟიმის მხრიდან გამოვლენილი. სამართალდამცავი ორგანოები არც კი ინტერესდებიან, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, მოახდინონ საზოგადოების დაცვა.

მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე ჯგუფთა ნაწილი იდენტიფიცირებულია და აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მათ შესახებ, სამართალდამცავი უწყებები არ ახდენენ მათ გამოკითხვას, მათ დაბარებას და ა.შ. ამ პირობებში ამ ყველაფრის ნაწილი გახდა სასამართლოც, რომელიც მოქალაქეებზე ახორციელებს ანგარიშსწორებას რეჟიმის მხრიდან. ჩვენი მხრიდან ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმისათვის რათა აღდგენილი იქნას ის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც განგრძობითად ირღვევა რეჟიმის მხრიდან მიმდინარე აქციებზე, როგორიცაა აზრისა და გამოხატვის უფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, ჯანმრთელობის უფლების დარღვევა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, უფლება ადამიანი არ დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ამ ყველაფერზე ჩვენი მხრიდან შექმნილია რეესტრი, სადაც ვამუშავებთ ინფორმაციას როგორც მოძალადეების, ასევე დაზარალებულების შესახებ.

ვამზადებთ ანგარიშს, რომელიც უახლოეს დღეებში მიწოდებული იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის. გარდა ამისა, სანამ პოლიტიკური კრიზისი იქნება დაძლეული და ახალი არჩევნების ფარგლებში მოხდება ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევა და სახელმწიფო დაუბრუნდება კონსტიტუციურ, სამართლებრივ ჩარჩოებს, ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო მექანიზმი", - თქვა მარიკა არევაძემ.