თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნული ბიუროს 6 აგვისტოს განცხადებით, „ლელო საქართველოს“ მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, „აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს".
"აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით“, - აცხადებს აღსრულების ბიურო.
სამშაბათს, დილით, „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო კოალიციის ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა.
„ჩვენ უკვე თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ჩვენ თავს გვესხმის აღსრულების ეროვნული ბიურო. ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო რომ კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცეთ ივანიშვილის ძალადობრივ რუსულ რეჟიმს“, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.