თბილისი (GBC) – ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი „ციფრული აბრეშუმის გზის“ (Digital Silk Way) პროექტის საკვანძო კომპონენტის, ტრანსკასპიური ოპტიკურ–ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის ფარგლებში საზღვაო კვლევები და სამუშაოები დაიწყო. კვლევა მოიცავს სანაპირო ტერიტორიების ანალიზს და ზღვის ფსკერის დეტალურ შესწავლას. ამ სამუშაოების მიზანია ყველაზე მოკლე, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი მარშრუტის შესარჩევად ამ სტრატეგიული პროექტისთვის. აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ერთდროულად დაწყებული კვლევები ერთ თვეს გაგრძელდება.
კომპანია AzerTelecom–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ემილ მასიმოვი და კომპანიის ხელმძღვანელობა ხომალდს „ტურკან“ გაეცნენ, რომელზეც კვლევითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს. მასიმოვმა აღნიშნული პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „ტრანსკასპიური ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელის პროექტის ფარგლებში სამუშაოები ელვის სისწრაფით მიმდინარეობს და საზღვაო კვლევების დაწყებით ჩვენ საკვანძო სამუშაოებზე გადავდივართ. პროექტის ამ ეტაპზე, რომელიც კასპიის ზღვას გლობალური ციფრული ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ელემენტად აქცევს და გააუმჯობესებს რეგიონულ ციფრულ დაკავშირებადობას, ამოქმედებულია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები და ჩართული არიან პროფესიონალი სპეციალისტები. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აზერბაიჯანის მხრიდან, ისე ყაზახეთიდან სამუშაოები წარმატებით დასრულდება, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად“.
პროექტის ფარგლებში სუმგაიტიდან (აზერბაიჯანი) აქტაუმდე (ყაზახეთი) წყალქვეშ 380 კმ სიგრძის ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელი გაივლის. კაბელის გამტარუნარიანობა 400 ტბიტ/წმ იქნება. სამუშაოები 2026 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის შემსრულებლები აზერბაიჯანის მხრიდან AzerTelecom, ხოლო ყაზახეთის მხრიდან Kazakhtelecom არიან. პროექტს ტექნიკურ ზედამხედველობას და საკონსულტაციო მომსახურებას ამერიკული კომპანია Pioneer Consulting გაუწევს.
პროექტის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.