თბილისი (GBC) – ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარული საკონტეინერო ბლოკ მატარებლები იმოძრავებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი იმ ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობს, რომელსაც ბლოკ მატარებლების მიმოსვლა მოიტანს. მისი განმარტებით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი გადამზიდავი კომპანიების, ტერმინალების, ასევე საკონტეინერო მომსახურების სეგმენტისთვის. მისივე თქმით, ამ პროექტით იზრდება კონკურენცია და მომსახურების ხარისხი შიდა ბაზარზე.

„ბლოკ მატარებლების მიმოსვლა ქვეყნის შიდა სატრანსპორტო ბაზრისთვის მნიშვნელოვან ეფექტს ქმნის კიდევ რამდენიმე მიმართულებით: გაიზრდება ფოთის პორტის  ლოგისტიკური ეფექტურობა - რაც გულისხმობს დამატებითი ოპერაციების გარეშე კონტეინერის მიწოდებას. შესაბამისად, შემცირდება სატვირთო გადაზიდვების დრო ფოთის პორტიდან თბილისის ლოგისტიკურ ცენტრებამდე და პირიქით, რაც თავის მხრივ ზრდის დროზე მიტანას და საექსპორტო/საიმპორტო ტვირთის ეფექტურ მოძრაობას ქვეყნის შიგნით. ასევე მნიშვნელოვანია სარკინიგზო გადაზიდვების წახალისება - უფრო სწრაფი და პროგნოზირებადი ბლოკ მატარებელი კონკურენტუნარიანს ხდის რკინიგზას ავტოტრანსპორტთან შედარებით. შედეგად, იკლებს ტრანსპორტირების ღირებულება და იზრდება რკინიგზის წილი შიდა ტვირთბრუნვაში“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

საქართველოს რკინიგზის მიერ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, ბლოკ მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ - მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა.  კონტეინერებით ბლოკ მატარებლის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ქვეყნის საავტომობილო გზები ნაკლებად დაიტვირთება და შესაბამისად, გაიზრდება ეკოლოგიური ეფექტი - ბლოკ მატარებლებით გადატანილი ტვირთი ნიშნავს ნაკლებ სატვირთო მანქანებს მაგისტრალზე, რაც თავის მხრივ ამცირებს გზების ცვეთას, CO₂-ის გამონაბოლქვს და ტრანსპორტის გამო გამოწვეულ საცობებს.