თბილისი (GBC) - მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს „ბათუმელები”/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.
კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს“.
მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. სიტყვის წარმოთქმისას მან სახელაშვილს უთხრა, რომ "რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, თავს გამარჯვებულად მიიჩნევს".
დაკავებულმა მედიამენეჯერმა 4 აგვისტოს კიდევ ერთხელ გააჟღერა მისი პოზიცია, რომ მისთვის საპროცესო გარიგების შეთავაზებაც კი შეურაცხმყოფელია და მას ხელს არ მოაწერს. ამაღლობელმა გაიმეორა, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა „ბოროტებაა“.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია.