თბილისი (GBC) - ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე ოთხშაბათს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. როგორც მოსამართლემ განმარტა, გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის გამო გამოიტანა.
მას გულშემატკივრები სასამართლოს ფოიესა და ეზოში შეძახილებით შეხვდნენ. გიორგი ახობაძემ მადლობა გადაუხადა მედიასაშუალებებს, რომლებიც მის სასამართლო სხდომებს აშუქებდნენ.
"ბრძოლა ბოლომდე!" - შესძახა სასამართლოდან გამოსულმა გიორგი ახობაძემ.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ გიორგი ახობაძის საქმეში არ არსებობდა ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება (ვიდეოჩანაწერი და ა.შ.), რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.