თბილისი (GBC) – განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ პროფესიული განათლება მისი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში წარმოადგენს იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ აპირებს ამ დარგის გარდაქმნას.

„აუცილებლად აქტიურად მხარს დავუჭერთ უმაღლეს განათლებაში და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას, ჩვენს ევროპელ და დასავლელ უცხოელ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში“, - განათხადა გიორგი ამილახვარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად.

„პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის.

მიღწეულმა შედეგებმა გასული წლების განმავლობაში უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში.

და ბოლოს, ამ და ყველა სხვა დანარჩენ საკითხებზე, რომელიც უამრავია, უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრს ჩვენ წარვუდგენთ ჩვენს ხედვას და გეგმას და ერთობლივად, უკვე უახლოეს მომავალში საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობთ იმ კონკრეტულ დროში გაწერილ გეგმას, რომელიც ამ და სხვა საკითხებს შეეხება.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და ბატონ პრემიერს", -  განაცხადა ახალმა მინისტრმა.