თბილისი (GBC) - 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის, აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო MEGOBARI Act.
პალატაში, რომელსაც ამჟამად 433 კონგრესმენი აკომპლექტებს (აქედან: 220 რესპუბლიკელი და 213 დემოკრატი), MEGOBARI Act-ს მხარი 349-მა კონგრესმენმა (კანონის მისაღებად 218 ხმაა საჭიროა) დაუჭირა. ეს კი კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.
კანონპროექტის წინააღმდეგ 42 კონგრესმენი წავიდა, 42-ს კი ხმა საერთოდ არ მიუცია.
რაც შეეხება კანონპროექტის მხარდამჭერ კონგრესმენებს, აქედან: 168 რესპუბლიკელია, 181 კი - დემოკრატი. მოწინააღმდეგეთაგან კი - 34 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი.
MEGOBARI ACT-ის ფორმალური დასახელება ასეთია: „აქტი, საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
ანალოგიური შინაარსის MEGOBARI ACT წარდგენილია სენატშიც - ორპარტიული მხარდაჭერით.
კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას დებს.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა - სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმა უნდა დაამტკიცოს.
2025 წლის 27 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მას მხარი უკვე დაუჭირა. ახლა დარჩენილია კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობის მონაწილეობით.
რა ითქვა MEGOBARI ACT -ის განხილვისას კონგრესში?
კონგრესმენი ჯონი ოლშევსკი (დემოკრატიული პარტია)
კომუნიზმის დაცემის მერე, განსაკუთრებით კი 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში წარმატებით აშენებდა დემოკრატიასა და ეკონომიკას, ამავდროულად იგი ცდილობდა ხელი შეეწყო ევროპის კავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებისთვის.
აშშ-მ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ინტეგრაციის გზა გაეხსნა და მას საჭირო რეფორმების განხორციელების საშუალებები ჰქონოდა. საქართველოს ისტორია წარმატების ისტორიაა.
რუსეთი საქართველოში 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს შეიჭრა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული რეფორმების გატარებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ერაყისა და ავღანეთის ომებში, როგორც ეს ამ კანონპროექტშია აღნიშნული.
2023 წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც, მათი თქმით, გამჭვირვალობისკენ იყო მიმართული. თუმცა, კანონპროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის მძიმე შეზღუდვების დაწესებას და მათ უცხოელ აგენტებად სტიგმატიზაციას. აშშ-სა და ევროპაში პარტნიორების გაფრთხილებებისა და პროტესტის ტალღების შემდეგ, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა 2024 წლის აპრილში ხელახლა წარადგინა.
ამჯერად, მასობრივი პროტესტის, პრეზიდენტის ვეტოს, აშშ-ის კონგრესის, ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის დამატებითი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი დაამტკიცა.
დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლებიც არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. ეს კანონპროექტი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე პასუხს წარმოადგენს. ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიისკენ სწრაფვაში, პატივს ვცემთ მათ უფლებებს და მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო ღრმა ინტეგრაციას. ეს მომავალში საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი თანამშრომლობისთვის ჩარჩოს ქმნის.
მოუთმენლად ველი მის მიღებას და იმედი მაქვს, რომ მას ექნება სასურველი ეფექტი, რათა საქართველოს მოსახლეობას აჩვენოს, რომ კონგრესი ყურადღებით აკვირდება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები ზრუნავს თქვენზე და გვსურს ევროპასა და ნატოში თქვენი მომავალი უზრუნველვყოთ.
კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია)
500 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს.
საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა თავისი მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს, კერძოდ გადასცეს პორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს.
მქონდა პატივი, რომ ჩემს შვილებს ავღანეთსა და ერაყში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ემსახურათ და ენახათ, თუ როგორი მამაცები არიან ისინი.
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკასთან კავშირის კრიმინალიზაცია დაიწყო და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ამერიკული კომპანიების შეთავაზებები უარყო და 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან მასთან აფილირებულ კომპანიებს გადასცა. ეს კი ამერიკის შუა დერეფანთან და ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას ბლოკავს.
რეჟიმი პროპაგანდას ყოველდღიურად იყენებს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „დიფ სთეითის“ მარიონეტებად აცხადებს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის და ასევე, უზრუნველყოფს ორმხრივი კავშირების გამყარებას საქართველოს მის კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემდეგ. მოგიწოდებთ, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ.
კონგრესმენმა სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია)
საქართველო უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მეგობარია. მე საქართველოში არჩევნებზე ვიმყოფებოდი, როდესაც მათ 12 წლის წინ „ქართული ოცნება“ აირჩიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა. ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ პარტიამ, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2024 წლის არჩევნები გააყალბა და მას შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას არბევს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებით მომიტინგეების უკანონოდ დაკავებისთვის. დემონსტრანტები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
აშშ საქართველოში თავისუფლებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს შემთხვევაც გამონაკლისი არ არის. ეს კანონპროექტი ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. ეს კანონპროექტი „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების შეფასებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და კორუფციის ხელშეწყობაზე. მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება და „ქართული ოცნება“ დასანქცირდება. რაც ხდება, ფაქტობრივად რევოლუციაა, სადაც პარტიის ხელმძღვანელ ივანიშვილს რუსეთში ინვესტიციები აქვს და ცდილობს, ქვეყანა პუტინთან დააახლოოს. კანონპროექტი საქართველოსთან ძლიერ ურთიერთობას ითვალისწინებს, როდესაც ის კონსტიტუციითა და ხალხის მოთხოვნით დადგენილ კურს დაუბრუნდება.
კონგრესმენ უორენ დევიდსონი (რესპუბლიკური პარტია)
ეს არასწორი მიმართულებით შემუშავებული კანონპროექტია. კოლეგებმა ამას მხარი არ უნდა დაუჭირონ. არ გვჭირდება ყველა იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც გვიწვევენ და ასევე, არც დამატებითი კონფლიქტების ძებნა გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ქართველ ხალხს ყველაფერი კარგი ვუსურვოთ, ევროპის თავდაცვის მიმართ აღებული ჩვენი ვალდებულების გაფართოების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს არ შეუძლია რუსეთისგან საკუთარი თავი დაიცვას და ისინი მშპ-ს 2%-საც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე, რაც NATO-ში გაწევრიანებისთვის მინიმუმს წარმოადგენს. მათ ვერ დაადანაშაულებ, როდესაც დიდი ქვეყნები, მაგალითად, გერმანიაც არ ხარჯავს მინიმუმს. მათი ეკონომიკა არც ისე დიდია, ამიტომ, მაშინაც კი, თუ ისინი მეტს დახარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს. ვფიქრობ, ეს საშინელი იდეაა.
რა მოლოდინები აქვთ MEGOBARI ACT-ისგან ოპოზიციას საქართველოში?
"ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე
„MEGOBARI ACT რეალურად ქართველი ხალხის პასუხია ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც „რუსულმა ოცნებამ“ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!“
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე
„მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის. მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს MEGOBARI ACT. ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან. საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი, საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას. წარმოუდგენელი რამ მოხდა - 165 რესპუბლიკელმა და 180 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს. ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა. დღეს ასეთი საკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება. ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს. ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში, უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად, რათა ეს წარმატება საერთო დიდ გამარჯვებად გადაიქცეს. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ყველაზე მთავარი წინ არის“.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია
„MEGOBARI ACT აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება - 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებულ ყველა პირს“.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი
„მმართველი გუნდისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს ძირს უთხრიან - აშშ-თან მეგობრობისა და პარტნიორობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების კუთხით - მათთვის სასიამოვნო აქტი ნამდვილად არ არის, რადგან სწორედ ამ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი. გაწერილია - ვინ, როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს. MEGOBARI ACT იმიტომ არის მეგობარი, რომ ის კარგად და პოზიტიურადაა განწყობილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენი ბრძოლის, თავდადების და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მდგრადობისა და განმტკიცების მიმართ ისევე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების მედეგობის განმტკიცების კუთხით, აქტში ბევრი პუნქტია, რომლის მეშვეობითაც აშშ გვერდში დაუდგება და მხარს დაუჭერს საქართველოს, თუ საქართველო ამ არჩევანს გააკეთებს.
რა თქმა უნდა, „ქოცებისა“ და ბიძინა ივანაშვილის პირობებში შეუძლებელია საქართველო დასავლეთ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და აშშ-ის მეგობარი იყოს, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო ორიენტირები აქვთ აღებული და არჩეული“.
როგორ შეაფასეს MEGOBARI ACT-ის მიღება "ქართულ ოცნებაში"?
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი
„საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, ვიდრე ბოლომდე შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს. ამის იმედს ის განწყობები გვაძლევს, რაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმ ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციიდან გამომდინარე აქვს, რაც ჩვენ მათთან გვქონდა. ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ყველაფერი ისე შეიძლება მოხდეს, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რადგან ვხედავთ ამ არაფორმალურ ძალებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული ძალაუფლება და ფინანსური თუ სხვა ინტერესებით ისინი ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას ახერხებენ. საბოლოო ჯამში, მაინც გვაქვს იმედი, რომ ის შეძლებს არაფორმალური გავლენების და „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ქვეყანას ამერიკელების ინტერესების გათვალისწინებით წაიყვანს.
ამ დროისთვის, 6 მაისისთვის ეს აქტი არაფერს ნიშნავს, რადგან მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ თუ ძალაში შევა და ტრამპი ხელს მოაწერს, ამ შემთხვევაშიც, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ახალ ადმინისტრაციას და ტრამპს ექნება მანევრირების უფლება – თავად გადაწყვიტოს, აღასრულოს მისი ცალკეული ნაწილი, სრულად აღასრულოს თუ საერთოდ არ აღასრულოს. ახალ ადმინისტრაციას თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა უნდა, ამისთვის მაინცდამაინც კონგრესის ეს კონკრეტული აქტი არ სჭირდება, ისევე როგორც კონგრესის აქტის შემთხვევაშიც, ეს მხოლოდ მანდატია, რომელსაც ან განახორციელებს ან – არა“.
თბილისის მერი კახა კალაძე MEGOBARI ACT-ის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე
„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული არამხოლოდ საქართველოში...“.
ინფორმაციისთვის, კანონპროექტი თავდაპირველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იყო ინიციირებული რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ: პირველად - 2024 წელს, ხოლო შემდეგ 2025 წლის იანვარში - როდესაც 119-ე მოწვევის კონგრესი შეუდგა მუშაობას.