თბილისი (GBC) - დიდმა ბრიტანეთმა სამშაბათს, ტელეკომპანიებს „იმედს“ და POSTV-ის სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების განმარტებაში ნათქვამია, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ამ კატეგორიაში ბრიტანეთმა მხოლოდ Imedi და POSTV დაასანქცირა.
„ის თავის აუდიტორიას, რომელიც უმეტესად საქართველოშია, აწვდის და აწვდიდა განზრახ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთი.
სანქციების თანახმად, ორივე პროპაგანდისტულ ტელევიზიას შეეხება:
- აქტივების გაყინვა;
- სატრასტო (ნდობით აღჭურვილი) მომსახურების აკრძალვა;
- დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა:
აქტივების გაყინვა ნიშნავს, რომ იბლოკება პირის ყველა საბანკო ანგარიში, ქონება და ფინანსური რესურსი და მას მათზე წვდომა აღარ აქვს.
სატრასტო მომსახურებასთან დაკავშირებული სანქციები კრძალავს სანქცირებული პირისთვის სატრასტო მომსახურების გაწევას, მაგალითად, ქონების მართვას სხვისი სახელით. ეს შეზღუდვა მიზნად ისახავს სანქციების გვერდის ავლის გზების ჩაკეტვას. შედეგად, სანქცირებული პირი ვერ გამოიყენებს იურიდიულ სტრუქტურებს (სატრასტო ფონდებს), რათა მესამე პირების მეშვეობით დამალოს თავისი რეალური აქტივები ან მართოს ქონება ისე, რომ მისი სახელი პირდაპირ არ ფიგურირებდეს.
დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა: ეს სანქცია უკრძალავს პირს, იყოს ნებისმიერი კომპანიის დირექტორი ან მონაწილეობდეს კომპანიის მართვაში დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში. თუ პირი უკვე არის რომელიმე კომპანიის დირექტორი, ის იძულებულია დატოვოს პოსტი. ეს მნიშვნელოვნად აზიანებს პირის რეპუტაციას და ბიზნესგავლენას საერთაშორისო დონეზე.
სანქციები ტელეკომპანიების შემთხვევაში იმუშავებს ასე:
- ბრიტანულ კომპანიებს (მაგალითად, სარეკლამო სააგენტოებს ან ტექნიკური აღჭურვილობის მომწოდებლებს) აეკრძალებათ არხებთან თანამშრომლობა.
- არხების ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც მოხვდებიან სიაში, შეეზღუდებათ საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობა. თუმცა, ამ ეტაპზე სანქციების სიაში კონკრეტული ადამიანიები დასახელებული არ არიან.
- ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც გაივლის ბრიტანულ საბანკო სისტემაში, შესაძლოა დაყადაღდეს.
გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, რას გულისხმობს დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია POSTV-სა და „იმედის“ მიმართ დაწესებული სანქციები
ბურჯანაძე Facebook-ზე წერს, რომ ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ტელევიზიებს ანგარიშები და აღარ მოემსახურონ, ასევე, ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემა და ქონების ამ გზით მართვა გამოირიცხება, ამასთან, აიკრძალება ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვა კომპანიის მართვაში.
„დიდმა ბრიტანეთმა Imedi TV და PosTV დაასანქცირა რუსული სასანქციო რეჟიმით შემდეგი მიზეზების გამო: 1) განზრახ ავრცელებს და წარსულში ავრცელებდნენ ქართული აუდიტორიისთვის შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. აღნიშნული შეფასებულია, როგორც უკრაინის დესტაბილიზაციის გამომწვევი და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი; 2) რეგულარულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინული მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არიან არალეგიტიმურები და რომ უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, რომ უკრაინა არის კორუფციული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი მიზნად ისახავენ საქართველოს დესტაბილიზაციას.
სამ კომპონენტს მოიცავს ეს სანქცია: 1) Asset Freeze - ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ; 2) Trust Services Sanctions - გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას. 3) Director disqualification - კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში. ეს სანქცია გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის 4 წლის თავზე" ,- წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.
ტეკლეკომპანია „იმედი“ წინა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ 6 თებერვალს 1000 ლარად გაყიდა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის მყიდველია „პრაიმ მედია გლობალი“, რომლის დირექტორიც ილია მიქელაიშვილია. შეთანხმებით, მყიდველი იღებს ვალდებულებას, უახლოესი 3 თვის ვადაში კომპანიის 50% გადავიდეს არხის გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში. როგორც ლომიძე, ისე ვასილ კალანდარიშვილი, ირაკლი ჩიხლაძე, ნათია სონღულაშვილი და მაია ჩოგიშვილი მიიღებენ 10-10 პროცენტს.
POSTV-ს რაც შეეხება, – მის 24-24%-იან წილებს შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი ფლობენ, ხოლო „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს 52%-ს. მის წილებს ამჟამად ზაზა მარიდაშვილი მართავს.