თბილისი (GBC) - საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ორშაბათს, 17 მარტს, "ნანუკას ფონდი", "ფროსფერითი", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7", "სირცხვილია", "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" ანგარიშები თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღა. პროკურატურის მიერ დღესვე გავრცელებული განცხადების თანახმად, ფონდების ანგარიშები "საბოტაჟის საქმეზე" დააყადაღეს და გამოძიებაც დაიწყეს.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით.

"აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად.

ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. გამოძიებით დგინდება, რომ სამართალდამრღვევი პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ შემდეგი ფონდები, - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“; აღსანიშნავია, რომ მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, დახარჯული აქვთ 2.000.000 ლარზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ე.წ. „ფონდები“, მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის, კერძოდ მითითებული „ფონდებიდან“ ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: ,,აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, ,,რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, ,,აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, ,,პიროტექნიკის შესაძენად“, ,,აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“ და სხვა. როგორც გამოძიებით დგინდება, დიდი ოდენობით თანხები დანიშნულებით: ,,წინახაზის ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენა“, განკუთვნილი იყო იმ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებისთვის, რომლებიც სამართალდამცველებზე თავდასხმისას ე.წ. „წინა ხაზზე“ იმყოფებოდნენ და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს, რის შედეგადაც, როგორც უკვე აღინიშნა, ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო ათეულობით სამართალდამცავმა, ისევე როგორც აქციის მონაწილემ. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილია“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც უკვე 100 დღეზე მეტია გრძელდება.

პროტესტის პირველ დღეებში აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და ცრემლმდენ აირს. მოქალაქეების თავის დასაცავად და აქციაზე დასაბრუნებლად იყენებდნენ სპეციალურ აღჭურვილობას.

ნიღბიანი პირები, რომელთა იდენტიფიცირებაც არ ხდება, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ასობით ადამიანს, მათ ნაწილს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. 

შემდეგ კი სასამართლომ მათი დიდი ნაწილი სამართალდამრღვევად სცნეს და დააჯარიმეს.

სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია 50-მდე ადამიანი.

„ნანუკას ფონდი“ ეხმარებოდა აქციების ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების ოჯახებს, ასევე, აფინანსებდა სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობას, მათ შორის, დააფინანსა გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულთა დახმარება.

საპროტესტო აქციებში მონაწილეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ „ადამიანის უფლებათა სახლი“, და Prosperity Georgia.