თბილისი (GBC) – ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააუქმოს. პარასკევს, ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირებისგან შენგენის ზონაში შესვლისას ვიზის ქონა დღეიდან სავალდებულო ხდება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა ვიზების შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენა. ევროკომისიის განმარტებით, აღნიშნული ზომა პასუხია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების „მიზანმიმართულ და მუდმივ დარღვევაზე“.

პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. გარდა ამისა, ბრიუსელი მიუთითებს, რომ საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაზე, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

ახალი სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიეცათ რეკომენდაცია, ჩაატარონ საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმება გარე საზღვრებზე. დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე ვიზების გაცემისას კი, საკონსულო ორგანოებს მოუწოდებენ, აწარმოონ სიღრმისეული ინტერვიუები და მოითხოვონ დამატებითი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ მითითება, უარი თქვან ვიზის გაცემაზე, თუ განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი გაჩნდება. აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპები ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე 27 მარტს წარედგინება, რის შემდეგაც კომისია წევრ სახელმწიფოებთან ერთად მჭიდროდ დააკვირდება მათ აღსრულებას.