თბილისი (GBC) – ოკუპირებულ აფხაზეთში განიხილეს რუსეთიდან სომხეთამდე ახალი სატრანსპორტო კორიდორის შესაძლო შექმნა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და საქართველოს გავლით იმუშავებს და არსებულ მარშრუტების ალტერნატივა გახდება. ამ შემთხვევაში, ოკუპირებული აფხაზეთი მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძად ჩამოყალიბდება. რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობები „აფხაზეთის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე“ განიხილეს, წერს რუსული გამოცემა vz.ru.
ლოგისტიკის განვითარების საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდაზე ბიზნესისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2025 წელს ოჩამჩირეში პორტთან არსებული საკონტეინერო ტერმინალი ამოქმედდა, რომელმაც სატესტო რეჟიმში უკვე მოემსახურა რამდენიმე საკონტეინერო მატარებელს რუსეთიდან მესამე ქვეყნების მიმართულებით, მათ შორის თურქეთში.
შემდეგ ეტაპად განიხილება სრულფასოვანი სატრანსპორტო კორიდორის ამოქმედება ოკუპირებული აფხაზეთისა და საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით, რაც გადატვირთული „ზემო ლარსის“ მარშრუტის ალტერნატივად სახელდება. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების თქმით, სოხუმისთვის ეს ახალი ტვირთნაკადების, კონტრაქტებისა და ბიუჯეტში სტაბილური შემოსავლების მიღების შესაძლებლობას შექმნის.
დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამ აღნიშნა, რომ კორიდორის შექმნისას პრიორიტეტი უკვე არსებული ინფრასტრუქტურის – ოჩამჩირის პორტისა და ფსოუმდე არსებული რკინიგზის – მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას ენიჭება. პერსპექტივაში ასევე განიხილება ოჩამჩირე–გალის მონაკვეთისა და შესაბამისი ხიდის აღდგენა.
კომპანია „ტრანსეკოსისტემას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ოქტაი ხაზირიშიმ აღნიშნა, რომ რუსულ ბიზნესს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით მარშრუტები აინტერესებს. მისი თქმით, ამჟამად კომპანიები ლოგისტიკას აღმოსავლეთ თურქეთის მიმართულებით აზერბაიჯანისა და „ზემო ლარსის“ გავლით აწყობენ, თუმცა მზად არიან განიხილონ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით უწყვეტი ტრანზიტიც. მისი შეფასებით, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის შემთხვევაში, ახალი მარშრუტი ამიერკავკასიის რკინიგზის კონტურებს შეიძლება დაემთხვეს და ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებითი ფინანსური შემოსავლები მოუტანოს.
„ამ ეტაპზე მთავარი დაბრკოლება ინფრასტრუქტურის არარსებობაა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის დასრულებისა და მოწყობის შემთხვევაში, როგორც პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციიდან ჩანს, ეს მიმართულება საინტერესო იქნება“, — განაცხადა ხაზირიშიმ.
ექსპერტების შეფასებით, ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის განვითარების პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ძირითადი ინფრასტრუქტურული შეზღუდვების მოხსნა და თურქეთის პორტებთან სატესტო რეჟიმიდან რეგულარულ მიმოსვლაზე გადასვლა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტმა 2025 წლის მაისიდან 312 რეისი მიიღო.