თბილისი (GBC) - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
კომისიის 71-ე სხდომაზე, რომელსაც პრემიერი კობახიძე გაუძღვა. ასევე მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში.
აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მალე დაწყება.
სხდომაზე ასევე განიხილეს ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტური ღონისძიებები.