თბილისი (GBC) – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, რომელიც ევროკომისიამ დღეს, 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა,  საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია – 49%.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ივნისში მიღებული დასკვნების საფუძველზე, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.

„ევროპულმა საბჭომ გაიხსენა, რომ ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი რჩება, ანუ 49%. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთისკენ/ რუსეთიდან სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილების მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და 2008 წლიდან არის ჩართული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით.

დღესვე, ამის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს შემდეგმა მთავრობამ უნდა შეაბრუნოს კურსი, ხელახლა ერთგული გახდეს დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების, თუ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება სურს.

“რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა ქართველი ლიდერების ხელშია. ახლა მოუწვევს ოფიციალურ პირებს, რომ წაიკითხონ [ევროკომისიის] გაფართოების ანგარიში ძალიან-ძალიან ყურადღებით. ის სთავაზობს ნათელ გზას ხელახლა ჩართულობისკენ და საგზაო რუკას საქართველოს შესაძლო ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს გულწრფელ პოლიტიკურ ნებას, სერიოზულ რეფორმებს და ხელახლა ერთგულებას ჩვენს ღირებულებებს, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი არის აშენებული.

გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და მხოლოდ მაშინ, თუ საქართველო განახორციელებს რეფორმებს, ის წინ წაიწევს ევროკავშირის გზაზე. აქ არ არის საიდუმლოები და არ არის მოკლე გზები, საქართველოს შემდეგმა მთავრობამ უნდა შეაბრუნოს კურსი, ხელახლა ერთგული გახდეს დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების, თუ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება სურს. ეს საარჩევნო პროცესის შესახებ სრული გამჭვირვალობით უნდა დაიწყოს.

ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები პატივს სცემენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველო ევროპულ გზას. გთხოვთ, ნუ დაკარგავთ იმედს,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.