თბილისი (GBC) – ბელარუსული მხარის ინიციატივით, სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალეკსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. NEWS.am–ის ცნობით, სომხეთის მთავრობის პრეს–სამსახურში განაცხადეს, საუბარი შეეხო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) სხდომის საორგანიზაციო საკითხებს. სხდომა 23 ნოემბერს მინსკშია ჩანიშნული.

ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტს აცნობა, რომ ვერ შეძლებს სხდომაში მონაწილეობას და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები კუხოდან ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან.

კრემლის პასუხი

ფაშინიანის ამ დემარშზე თითქმის მყისიერი რეაქცია ჰქონდა კრემლს. პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა პესკოვმა წუხილი გამოთქვა პრემიერ ფაშინიანის ასეთი გადაწყვეტილების გამო.

„ეს თუ ნამდვილად ასეა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროა. ჩვენ გვესმის, რომ ნებისმიერი მთავრობის თუ სახელმწიფოს მეთაურს შეიძლება ჰქონდეს სამუშაო გრაფიკში თავისი ღონისძიებები, თავისი ვალდებულებები. მაგრამ, შეიძლება წუხილიც გამოითქვას, რადგან ასეთი შეხვედრები ძალიან კარგი საბაბია აზრთა გაცვლისთვის, საათების სინქრონიზაციისთვის“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

ბაქო და ერევანი დღეს

ევროკავშირი სომხეთში თავისი მისიის გაფართოებას და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციას გეგმავს. ევროკავშირი ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მოწოდებით გამოდის. გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ ევროპისთვის სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი „ერთ–ერთი ცენტრალური საკითხია“. ბერლინი და პარიზი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ყოფნას უჭერენ მხარს. სხვა შემთხვევაში ამ სივრცეს სხვა მოთამაშეები დაიკავებენ. ერევანი ბრიუსელთან თანამშრომლობის გაფართოების მიზნით ახალ ხელშეკრულებას ამზადებს. ანალიტიკოსების აზრით, შორს არ არის ის დღე, როდესაც სომხეთი იმ ორგანიზაციებიდან გავა, რომლებშიც რუსეთი დომინანტია, მათ შორის დსთ–ს.