თბილისი (GBC) - სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინფორმაციით, თბილისში არაგეგმური კონტროლის ფარგლებში, ყავის საწარმო შპს „ტრეიდერი" (მისამართი: ქ. თბილისი, ქვალონის №1, ს/კ 404505905) შეამოწმა და შემოწმების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა.
სეს-ის ინფორმაციით, ბიზნესოპერატორი ყავას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ბაზარზე პროდუქცია სავაჭრო დასახელებებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“ გამოდიოდა.
ინსპექტირებისას სპეციალისტებმა პროდუქციის შემადგენლობასა და წარმოების პროცესში კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს:
- ფალსიფიკაცია: პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა;
- რეალიზაციის არეალი: აღნიშნული პროდუქცია მცირე სავაჭრო ობიექტებში იყიდებოდა;
- სტანდარტების დარღვევა: გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. ამასთან, უწყების გადაწყვეტილებით, საწარმოო პროცესი შეჩერდა შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე.
სეს მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ეტიკეტირებას.
სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიის დირექტორი და მფლობელი გიორგი ზირაქაშვილია.