თბილისი (GBC) – მიხეილ ყაველაშვილი ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრეს–სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ თბილისმა უმასპინძლა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონის კეთილდღეობისთვის ამ ფორმატში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დიალოგსა და თანამშრომლობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.