თბილისი (GBC) - გამოცემა The Hill-ის მიერ მოპოვებული წერილის თანახმად, რესპუბლიკური პარტიის დონორი და ნავთობკომპანია ფრონტერას CEO სტივ ნიკანდროსი ლობირებს ორპარტიული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში ანტიდემოკრატიული და პრორუსი მაღალჩინოსნების სანქცირებას ითვალისწინებს.

The Hill-ის ცნობით, ჰიუსტონში დაფუძნებული ენერგეტიკული კომპანიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკანდროსმა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული, ამ თვეში წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის სულ მცირე ერთ „რესპუბლიკელ“ წევრს, რომელშიც MEGOBARI ACT-ის წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.

გამოცემა ასევე წერს, რომ იგი არ აქვეყნებს კანონმდებლის სახელს წყაროების კონფიდენციალურობის დასაცავად.

ნიკანდროსის წერილში აღნიშნულია, რომ მისი კომპანია ამზადებს ახალ 100 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროგრამას საქართველოში, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში განხორციელდება. ის ამტკიცებს, რომ MEGOBARI ACT და თბილისზე სანქციების დაწესების სხვა მცდელობები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ აშშ-ის ბიზნესებს.

The Hill წერს, რომ კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანონმდებლებს შორის. ის წარმომადგენელთა პალატამ მარტში ფართო, ორპარტიული უპირატესობით მიიღო, მაგრამ სენატში მისი წინსვლა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მარკვეინ მალინმა დაბლოკა.

ამასთან, ნიკანდროსმა შემოწირულება გაიღო მალინის საარჩევნო შტაბისთვის და სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის. მალინმა სექტემბერში გამოცემას განუცხადა, რომ MEGOBARI ACT-ს მიმართ მისი წინააღმდეგობა ნიკანდროსთან დაკავშირებული არ იყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა გასული წლის ბოლოს MEGOBARI ACT-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დამატება სცადა, თუმცა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა ეს მცდელობა დაბლოკა.

ნიკანდროსმა 19 იანვარს კანონმდებლებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვდა, წინააღმდეგობა გაეწიათ MEGOBARI ACT-ის და მის მოდელზე შექმნილი ნებისმიერი სხვა კანონმდებლობისთვის.

„თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ჩემმა კომპანიამ დიდი ინვესტიციები ჩადო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში“, - წერს ნიკანდროსი 19 იანვრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც გამოცემა ციტირებს.

ნიკანდროსი თბილისთან განხეთქილებაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ადანაშაულებს.

„ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო წელს, მისი ლიბერალურ/პროგრესული საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებში განხორციელებულმა ქმედებებმა - საქართველოს სუვერენულ, კონსერვატიულ მთავრობასთან იდეოლოგიური უთანხმოების საპასუხოდ - მნიშვნელოვნად დააზიანა აშშ-საქართველოს მჭიდრო, დიდი ხნის ურთიერთობები“, - წერს ის.

ნიკანდროსმა წერილს ასევე დაურთო ექვსგვერდიანი „სააზროვნო სტატია“, რომელშიც ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის ასევე იცავს „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას და ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირეა, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს.

ნიკანდროსმა წერილი თავისი კომპანიის, TXN Energy Holdings Inc.-ის სახელით დაწერა. კომპანიის ვებსაიტზე Frontera Resources-ის მისამართია მითითებული.

The Hill წერს, რომ 2020 წელს თბილისთან Frontera-ს დავის დროს კომპანიამ საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის შესახებ განაცხადა. როგორც ამბობენ, კომპანიამ ლობირებისთვის საჭირო ჰონორარზე 1 მილიონი დოლარი დახარჯა და იმავე წლის ივლისში თბილისმა Frontera-ს ქვეყანაში ოპერაციების განახლების უფლება მისცა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სენატორმა ჯო უილსონმა გამოცემას ელექტრონული წერილი წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ MEGOBARI ACT აუცილებელია სამხრეთ კავკასიაში ტრამპის ძალისხმევის გასაძლიერებლად, როგორიცაა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, - რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადის.

ასევე, The Hill წერს, რომ ორმა ქვეყანამ აგვისტოში ტრამპთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი, თუმცა, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თბილისსა და ბაქოს შორის მზარდი დაძაბულობა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ამ მარშრუტს.

ასევე, ამ საკითხზე გამოცემა ციტირებს რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც აცხადებს, რომ „ტრამპის მარშრუტის“ წარმატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა თავის „ანტიამერიკულ ქცევას“ შეცვლის.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული მშვიდობა, „ტრამპის მარშრუტის“ წარმატება საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და ჩინეთის, ირანისა და რუსეთის შუა დერეფნიდან გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა თავის ანტიამერიკულ ქცევას შეცვლის“, - განაცხადა უილსონმა გამოცემისთვის გაგზავნილ წერილში.