თბილისი (GBC) - სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სურსათის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს. 

"სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის ,,ბეიბიბიოს“ ჩვილ ბავშვთა ფორმულის ოფიციალური იმპორტიორი Naturland-ის შეტყობინება, ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებიდან, მათ შორის საქართველოდან კონკრეტული პარტიების გამოთხოვის თაობაზე.

მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრიდან ნებაყოფლობით გაეწვია ჩვილის ფორმულის - BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარტია, რომლიდან მხოლოდ 2 არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე:

  • BABYBIO OPTIMA 1 - 800გ, EAN 3288131580319, პარტია 894408, ვარგისიანობის ვადა 09/07/2027
  • BABYBIO OPTIMA 1 - 800გ, EAN 3288131580319, პარტია 900035, ვარგისიანობის ვადა 12/08/2027

იმპორტიორმა კომპანიამ გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობა სარეალიზაციო ქსელებს სს „გეფა“, შპს „პსპ-ფარმა“, შპს „ავერსი-ფარმა“, რომელშიც იყიდება აღნიშნული ბავშვთა კვება. მათივე ცნობით, აღნიშნული პარტიების გაყიდვა შეჩერებულია, საწყობში არსებული მარაგები დათვლილი და აღწერილია, მათ გამოთხოვას კი სააგენტოს უფლებამოსილი პირები გაუწევენ ზედამხედველობას.  

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ", - ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.