თბილისი (GBC) – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ.  ამის შესახებ კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი „სერიოზული საფრთხეა“ გამოხატვის თავისუფლებისთვის.

“საქართველო: ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიციირეს. მანამდე, 2023 წლის მარტში საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო. მმართველი პარტიის ლიდერებმა მაშინ განაცხადეს, რომ საკითხი დახურულია და აღარ განიხილებოდა.