თბილისი (GBC) - საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, გერმანიის იმ ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლები, რომელსაც დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, 23 თებერვლის არჩევნებზე 31%–იანი მხარდაჭერა ექნებათ, განცხადებას ავრცელებენ, სადაც ვკითხულობთ: "ვგმობთ პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს მცდელობები ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც მის წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებებს ეწინააღმდეგება".

განცხადებას ხელს აწერენ გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი ულრიხ ლეხტე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი იურგენ ჰარდტი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი ნილს შმიდი და ალიანსი 90/მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი დებორა დიურინგი.

განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკიდან და ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებიდან.

„არსებობს ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან რეპრესიების გაზრდის რისკი. ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ქართველების უფლებების შეზღუდვით, რომლებიც გაბედულად გამოდიან ქუჩაში მათი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების“ განზრახვა, მოახდინოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ტორპედირება. მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენებას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აქციის მონაწილეების დაკავება. ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული. ძალადობის ყველა ფაქტი უნდა გამოიძიონ და პასუხისმგებელი პირები ანგარიშვალდებული უნდა გახდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანელი დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს მიზანმიმართულ სანქციებს ევროკავშირის დონეზე იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე.

ეროვნული დონეზე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა უკვე დაწესებულია ცხრა ძირითადი პასუხისმგებელი პირის მიმართ. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა გამოცდას გადის და რომ მრავალი მხარდაჭერის ღონისძიება უკვე შეჩერებულია.

ვიმეორებთ მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების, კეთილდღეობისა და დემოკრატიისკენ სწრაფვის მიმართ. მტკიცედ ვდგავართ საქართველოში დემოკრატების გვერდით და გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რომ ქვეყანა უკან დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დააბრუნონ. ახლა საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელი ამომრჩევლების 31% მხარს უჭერს ოპოზიციურ ბლოკს „ქრისტიან–დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიან–სოციალისტური კავშირი“. შოლცის პარტიას კი ამომრჩეველთა მხოლოდ 17% უჭერს მხარს. მემარჯვენე რადიკალურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 20%–იანი მხარდაჭერა აქვს, „მწვანეებს“ 11% უჭერს მხარს. დანარჩენ სუბიექტებს 5–8% უჭერს მხარს. არჩევნებზე ხმების ასეთი გადანაწილების შემთხვევაში, ქრისტიან–დემოკრატებს და ქრისტიან–სოციალისტებს მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა ეძლევათ, რომელსაც ბლოკის წარმომადგენელი ჩაუდგება სათავეში და ეს იქნება „ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი. ეს უკანასკნელი უკრაინას დიდი სიშორის რაკეტების TAURUS მიწოდებას ჰპირდებოდა.