თბილისი (GBC) – გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაბლოკა, რომლის ინიციატორებიც საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ანალენა ბერბოკი და ბორის პისტორიუსი იყვნენ. ამის შესახებ Der Spiegel–ს ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს.
მათი თქმით, ახალ ტრანშზე მინისტრებმა გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ (2024–ის ნოემბერი) დაიწყეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ კიევს საჭირო შეიარაღებას ფედერალურ არჩევნებამდე მიაწვდიდნენ, რომელიც 23 თებერვალს არის ჩანიშნული.
დახმარების პაკეტი მოიცავდა სამ ერთეულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას IRIS-T, ჭურვებს და რაკეტებს საზენიტო სარაკეტო დანადგარისთვის Patriot. 10 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცას და საარტილერიო ჭურვებს. ამ დახმარების ხარჯები მიმდინარე მოწვევის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაემტკიცებინათ. ამასთან, კომიტეტისადმი მიმართვაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ბრძოლის ველზე ბოლო პერიოდში უკრაინის პოზიციები შესუსტებულია.
შოლცის კანცელარიაში კი მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანცლერი ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს. Spiegel–ის ინფორმაციით, კანცლერს არ სურს მომავალი ფედერალური მთავრობის ფაქტის წინაშე დაყენება და ვერ ხედავს სწრაფი გადაწყვეტილებების აუცილებლობას. კანცელარიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს გერმანია საკმარის დახმარებას გაუწევს უკრაინას და ეს იქნება 4 მლრდ ევრო. გარდა ამისა, კიევი რუსეთისთვის გაყინული აქტივებიდან შემოსავლებსაც მიიღებს აშშ–სა და ევროკავშირისგან – $50 მლრდ.
დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელი ამომრჩევლების 31% მხარს უჭერს ოპოზიციურ ბლოკს „ქრისტიან–დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიან–სოციალისტური კავშირი“. შოლცის პარტიას კი ამომრჩეველთა მხოლოდ 17% უჭერს მხარს. მემარჯვენე რადიკალურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 20%–იანი მხარდაჭერა აქვს, „მწვანეებს“ 11% უჭერს მხარს. დანარჩენ სუბიექტებს 5–8% უჭერს მხარს. არჩევნებზე ხმების ასეთი გადანაწილების შემთხვევაში, ქრისტიან–დემოკრატებს და ქრისტიან–სოციალისტებს მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა ეძლევათ, რომელსაც ბლოკის წარმომადგენელი ჩაუდგება სათავეში და ეს იქნება „ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი. ეს უკანასკნელი უკრაინას დიდი სიშორის რაკეტების TAURUS მიწოდებას ჰპირდებოდა.