თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, საიდანაც მკაფიოდ ირკვევა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მათ უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე მას წვდომა უწყებაში არ ჰქონია.

პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან.

„მე როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია, აქ რაღაც სპეკულაციის საფუძველი იყოს. ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის, ბაიდენის ოჯახთან. შესაბამისად, აქ სპეკულაციები, მემგონი, ზედმეტია“, - განაცხადა პრემიერმა.