თბილისი (GBC) – პრემიერმა კობახიძემ, ოთხშაბათს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის შედეგებსა და სამომავლო ხედვაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამჟამად საქართველოში დაახლოებით 20 000 პირი იმყოფება არალეგალურად, თუმცა მონაცემთა ბაზების მოწესრიგების შედეგად ეს ციფრი კიდევ უფრო დაზუსტდება.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე (უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები), საიმიგრაციო კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდა.
მისივე თქმით, 2025 წელს საქართველოდან იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი გააძევეს, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. 2026 წლისთვის კი მთავრობა 4 000-იან ნიშნულზე გასვლას გეგმავს, რაც ქვეყანაში მყოფი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევებას ნიშნავს.
პრემიერმა ასევე დაასახელა გაძევებული არალეგალი მიგრანტების პროცენტული მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით:
- ინდოეთი – 20,5%
- თურქეთი – 12,9%
- ირანი – 12%
- ჩინეთი – 7,5%
- რუსეთის ფედერაცია – 5,6%
ირაკლი კობახიძის განცხადებით, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გაძლიერება სავსებით რეალურია იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ხორციელდება.