თბილისი (GBC) - მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს.

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა - ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში - სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში - ზაალ გელაშვილმა, გურიაში - გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.

ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს, 6 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს.

კობახიძის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები.

კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტების ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს წარმატებები უსურვა.