თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიში არის "აბსოლუტურად უინტერესო". მისივე თქმით, "თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან".
„მე მახსოვს 80-იან წლებში მათი პათოსი, განხილვების შინაარსი, უსამართლობის ხარისხი, არაფრით განსხვავდება სამწუხაროდ დღევანდელი ევროპარლამენტი ამ ყველაფრისგან. იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში გაჯანსაღების პროცესი და ცვლილებები შეეხება ევროპარლამენტს. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპარლამენტში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ დღეს ისიც აღნიშნა, რომ ძალიან შემაშფოთებელი და ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ევროპარლამენტი იმყოფება.
ოთხშაბათს, 4 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიშის პროექტი ცვლილებებით მიიღო.
საგარეო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სამწუხაროა, როცა ევროპარლამენტი წლიურ ანგარიშში აფასებს არა საქართველოს, როგორც კანდიდატის პროგრესს, არამედ ქვეყნის უკუსვლას - რეგრესს.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკკალისტერმა, სიტყვით მიმართა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე ესწრებოდნენ. მაკალისტერმა მათ მადლობა გადაუხადა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული მომავლის დაცვისთვის
„ძვირფასო სტუმრებო საქართველოდან, ნება მომეცით გითხრათ, რომ თქვენ და ყველა თქვენმა მეგობარმა გამოიჩინეთ შესანიშნავი გამბედაობა და მონდომება თქვენს მშვიდობიან ძალისხმევაში, რომ დაიცვათ თქვენი ქვეყნის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროპული მომავალი.
თქვენი აქ ყოფნა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, არის ძლიერი გზავნილი, რომ ქართველი ხალხი რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული და ნება მომეცით, დავამატო, რომ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ვართ. მადლობა აქ ყოფნისთვის და ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და აკეთებთ“, – თქვა დევიდ მაკალისტერმა.
კრიტიკულ ანგარიშში შეფასებულია ქვეყანაში გაუარესებული სიტუაცია 2024 წლის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდგომ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს.
ამასთან, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნების არარსებობა არ უნდა უშლიდეს ხელს მათ, ვისაც შესაბამისი, ეფექტური ზომების მიღება სურს. ამასთან, მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, გადადგან კოორდინირებული ნაბიჯები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის განგრძობითი ტენდენციაა და ის განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ანგარიში ხაზს უსვამს ევროკავშირის როლსა და პასუხისმგებლობას, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ საზოგადოებას და მის ლეგიტიმურ კონსტიტუციურ პროევროპულ მისწრაფებებს.
ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტის პოზიციას, რომ არსებული კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც უხელმძღვანელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და რომელიც განხორციელდება საერთაშორისო ზედამხედველობის პირობებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეალურად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი.