თბილისი (GBC) – სასურსათო პროდუქციის ფასებთან ერთად, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 იანვარს კომისიის პირველ სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა.

უწყების ცნობით, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

„სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. 

ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

კობახიძე ამბობს, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, „რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.

კობახიძის თქმით, „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მოგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.

24 დეკემბერს კობახიძემ ამბობდა, რომ „ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ და სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.