თბილისი (GBC) – ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში მიმდინარე ალიანსის სამიტზე განაცხადა, რომ ნატოს თავდაცვითი მრეწველობა სწრაფად აფართოებს შესაძლებლობებს და წევრ ქვეყნებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

რუტეს თქმით, სამხედრო მრეწველობის ფორუმზე უკვე გაფორმდა ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები საჰაერო თავდაცვის, სატელიტური კავშირისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების სფეროებში.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, ალიანსს წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი საარტილერიო ჭურვის წარმოების შესაძლებლობა ექნება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, 2025–2026 წლებში ნატოს ევროპელი წევრები და კანადა თავდაცვაზე დამატებით 258 მილიარდ დოლარს დახარჯავენ, ხოლო ალიანსის წევრებს თავდაცვითი დანახარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდის კონკრეტული გეგმების წარმოდგენისკენ მოუწოდა.

გენერალურმა მდივანმა ასევე გამოაცხადა ნატოს საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ. მისი თქმით, მრავალეროვნულ ფლოტს მე-10 Airbus A330 MRTT შეემატება, იწყება ახალი პროექტი Airbus A400M-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიმართულებით, ხოლო მოძველებული Boeing E-3 AWACS-ების ჩანაცვლება ათამდე Saab GlobalEye-ის სისტემით იგეგმება.

რუტეს განცხადებით, ალიანსი ასევე აძლიერებს სადაზვერვო შესაძლებლობებს უპილოტო საფრენი აპარატების დამატებით, რაც საზღვაო სივრცეების უწყვეტ მონიტორინგსა და საფრთხეების ადრეულ გამოვლენას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, ნატო რუსეთ-უკრაინის ომის გამოცდილებას ითვალისწინებს და იწყებს ახალ პროექტებს დრონების წარმოების, გამოყენებისა და მათთან ბრძოლის მიმართულებით.

„ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარი თავის დაცვას თქვენი მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა რუტემ და გამოაცხადა ახალი პლატფორმის – NATO Front Door for Industry – შექმნის შესახებ, რომელიც თავდაცვით ინდუსტრიასა და ალიანსს შორის თანამშრომლობას გაამარტივებს.

გენერალურმა მდივანმა ასევე წარადგინა ინიციატივა NATO Engine, რომელიც ტრანსატლანტიკურ თავდაცვით წარმოებასა და საწარმოთა თანამშრომლობის გაფართოებას ისახავს მიზნად.

„არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია საკმარისი სამრეწველო შესაძლებლობები მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. იმისათვის, რომ შეივსოს შეიარაღების მარაგები და კონკურენტებს გავუსწროთ, საჭიროა წარმოების მასშტაბური გაფართოება და ინოვაციების დაჩქარება“, – განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, ნატოს წევრი ქვეყნები ასევე ქმნიან ერთობლივ სისტემას სტრატეგიული მასალებისა და კომპონენტების შესაძენად, შესანახად და მიწოდებისთვის, რათა კრიტიკული მომარაგების ჯაჭვები შესაძლო კრიზისების პირობებშიც შენარჩუნდეს.