თბილისი (GBC) - ჰააგაში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის პლენარულ სხდომაზე მკვეთრი პოლიტიკური დემარში დაფიქსირდა. საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადა „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე და სხდომათა დარბაზი დატოვა. ქართული მხარის მიერ პროცესის ბოიკოტირებიდან რამდენიმე წუთში, ასამბლეამ დეკლარაცია მაინც დაამტკიცა, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას შეიცავს.
რეზოლუციის პროექტის - „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ - მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
ქართული დელეგაციის არგუმენტები: „ფაქტების განზრახ დამახინჯება“
შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრის დაწყებამდე, პროცედურული შენიშვნის ფორმატში გააკეთა. მმართველი გუნდის დეპუტატმა მკაცრად გააკრიტიკა დოკუმენტის საბოლოო ვერსია და აღნიშნა, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებს.
„მსურს, კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით პროცედურული შენიშვნა გავაკეთო და საქართველოს დელეგაციის სახელით შემდეგი განცხადება წარმოვადგინო. იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს როგორც საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების, ისე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მან ასევე დაამატა, რომ ორმაგად სამწუხაროა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში - ჰააგაში. სამხარაძემ ასამბლეის სამდივნოს ოფიციალურად სთხოვა, რომ ქართული მხარის პროტესტი და პოზიცია სათანადოდ ასახულიყო სხდომის ოქმში, პარალელურად კი მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების პარლამენტს მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის.
ასამბლეის პრეზიდენტის პასუხი: „ცარიელი ადგილების დატოვება ყველაზე ცუდი ვარიანტია“
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას და დარბაზის დატოვებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი. მან ღიად გააკრიტიკა ბოიკოტის ტაქტიკა და პარალელი გაავლო საქართველოს შიდაპოლიტიკურ ისტორიასთან, სადაც ოპოზიციური პარტიები პარლამენტს ხშირად უცხადებდნენ ბოიკოტს.
„დიდი მადლობა, ნიკოლოზ. როგორც მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაშიც კი ცარიელი ადგილების დატოვება კარგი გადაწყვეტილება არ იყო, თქვენ აქ ზუსტად იმავეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა“, - მიმართა ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს.
მიუხედავად ქართული მხარის პროტესტისა, ასამბლეამ კენჭისყრის პროცედურა დაასრულა და „ჰააგის დეკლარაცია“, მასში შესული რეზოლუციით, ოფიციალურად მიიღო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია, რომელიც 4 ივლისს დაიწყო, ამ გადაწყვეტილებით დასრულდა.
