თბილისი (GBC) – პარლამენტის ბიუროს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ალტერნატიულად "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტი ორშაბათს, 8 აპრილს წარედგინება.

ორივე პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციირდება და განსახილველად კომიტეტს გადაეცემა. ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტმა ძირითად კანონპროექტთან ერთად უნდა განიხილოს.

ალტერნატიული კანონპროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტის საქმიანობა აკრძალულია და დაისჯება "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული წესით - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ამავე პროექტით, იგივე ქმედება, რამაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგი გამოიწვია - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

"ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" ალტერნატიული პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები, კერძოდ, "გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატები, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.