თბილისი (GBC) - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში ანტიევროპული პროპაგანდის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ "ევროკავშირი არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის რელიგიური, სექსუალური თუ პოლიტიკური ორიენტაცია, დაცულია უმაღლესი სტანდარტით". მისი შეფასებით, "ქართული ოცნება" ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩამოყალიბდა ავტორიტარულ რეჟიმად და ქვეყანას რუსულ ჭაობში აბრუნებს.
"ისევ არიან ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ ქართული ოცნება “ღირსებით” შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. "ქართული ოცნების" რუსული პროპაგანდის მიხედვით, ეს ადამიანები “ღირსებას” განმარტავენ, რომ ეს გადის კაცის და ქალის განმარტებაზე და ეკლესიის დაცვაზე.
ამ ადამიანებს კითხვა არ გიჩნდებათ, რომ:
- თუ ევროპა ჩვენს “ეკლესიას ებრძვის”, 2028-ში თუ 2030-ში რა შეიცვლება, როცა კობახიძე გპირდებათ ევროკავშირში შეყვანას ან კალაძე, რომ გეუბნებათ, დადოს ევროკავშირმა გაწევრიანების დოკუმენტი და დღესვე მოვაწერ ხელსო, ანუ კალაძე თუ მოაწერს ხელს, “ეკლესიასთან ბრძოლა” შეწყდება?
- თუ კაცი და ქალის განმარტება საქართველოს კანონში ეწერება, თქვენი შვილები საქართველოს კანონის გარდა არაფერს წაიკითხავენ და საქართველოში ჩაიკეტებიან?
ნუ მოიტყუებთ მეგობრებო თავს. სიმართლე არის შემდეგი:
- ევროკავშირი არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის რელიგიური, სექსუალური თუ პოლიტიკური ორიენტაცია, დღეს არის დაცული მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეროვნულ დონეზე რეგულირდება და არ წარმოადგენს ევროკავშირის კომპეტენციას, გარდა უნივერსალურად აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვისა, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს კონსტიტუციასთან.
- "ქართული ოცნება" საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩამოყალიბდა ავტორიტარულ რეჟიმად და აბრუნებს ქვეყანას რუსულ ჭაობში, სადაც დამერწმუნებით რომ ყვავის ავტორიტარიზმი, გათელილია ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს მიერ დამორჩილებულია ეკლესია.
თუ რამეს ებრძვის ევროკავშირი, ეს არის სწორედ ავტორიტარიზმი და ადამიანის უფლებების დარღვევები",- დაწერა პაპუნა ჯანელიძემ.