თბილისი (GBC) - „ქართული ოცნების” დეპუტატი და ყოფილი მინისტრი, თეა წულუკაინი ამბობს, რომ ახალგაზრდებს მათ მიმართ აქვთ „ბრაზი და ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი”. ამის შესახებ მან TV Imedi-ს ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ „ამ ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო”.
„აქ იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები, რომლებსაც კავშირი არ აქვთ პარტიებთან, ზოგს აქვს, მაგრამ არიან ბევრი, ვისაც არ აქვთ კავშირი პარტიებთან და ასეთ ახალგაზრდებთან, მე მჯერა, რომ საგნობრივი დისკუსია საჭიროა, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალია. საინტერესო იქნებოდა გაგვეგო რა იციან მათ იმის შესახებ, თუ რის ფასად და როგორ იყო მიღწეული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან.
საინტერესო იქნებოდა დისკუსიის ფარგლებში გამოგვერკვია, რაც იციან ახლა მოქმედი ხელისუფლების შესახებ. იციან თუ არა ამ ახალგაზრდებმა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაა ის, ვინც მათ დაუტოვებს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქვია – რუსეთის წინააღმდეგ დავა, რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ და რუსეთს მოვუგეთ. ეს მათთვის ძალიან სერიოზული მშვიდობიანი იარაღია, რომ ქვეყანა გაამთლიანონ და რუსის ჯარი გაიყვანონ ქვეყნიდან.
მათ აქვთ ჩვენ მიმართ ბრაზი და ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი. ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერჯერობით ვერ შევძელით განათლების სისტემაში ფუნდამენტური საფუძველი ღირებულებებისა გაჯდეს და დავამკვიდროთ. ამიტომ ამ ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა. იმის თქმა, რომ შენ რადგან ქუჩაში ხარ, ნაცი ხარ, არ მგონია სწორი, უბრალოდ არიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ გაიგეს რაღაცები, ან არ ახსოვთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა TV Imedi-ს ეთერში.