თბილისი (GBC) – რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ალეკსეი მოისეევმა განაცხადა, რომ უწყებამ, ცენტრალურ ბანკთან ერთად, მოამზადა პრეზიდენტის განკარგულების პროექტი რუსეთის საფინანსო ბაზარზე არარეზიდენტების ინვესტიციების გარანტიების შესახებ. მისი თქმით, უცხოელი ინვესტორების დაბრუნება, მათ შორის არამეგობრული ქვეყნებიდან, ფანტასტიკის სფეროს არ წარმოადგენს.
რუსი მაღალჩინოსნის აზრით, უცხოელი ინვესტორები იმ შემთხვევაში დააბანდებენ ფულს რუსეთში, თუ დარწმუნდებიან, რომ უსაფრთხოდ შეძლებენ საკუთარი კაპიტალის გატანას ქვეყნიდან. მოისეევის აზრით, ამ პროცესში არამეგობრული ქვეყნებიდან ინვესტორებიც ჩაერთვებიან, შუამავლების ჯაჭვის მეშვეობით. „ეჭვიც არ მეპარება, რომ უკვე მომავალ წელს ჩვენ ამ შემოდინების პირველ მერცხლებს ვიხილავთ“, – განაცხადა მოისეევმა.
რუსი ბროკერების ხელში არსებული არარეზიდენტების ანგარიშების რაოდენობა მეორე კვარტალში 2%–ით არის გაზრდილი და 30,5 ათას ერთეულს შეადგენს, წერს რუსული გამოცემა კომერსანტი. გამოცემის ცნობით, ამ ანგარიშებზე არსებული აქტივების მოცულობა 9,6%–ით არის შემცირებული. ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსი ბროკერების ხელთ არსებულ ანგარიშებზე უცხოელების აქტივები შემცირდა.