თბილისი (GBC) - ვაშლიჯვარი თბილისის ის უბანია, სადაც არ არსებობს არანაირი რეკრეაციული ზონა და მულტიფუნქციური სივრცე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხია. ზუსტად ამიტომ, ვაშლიჯვარში მცხოვრებმა დიანა ტევანიანმა მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის სახელზე დაწერა განცხადება, რომელსაც ხელი ვაშლიჯვრის 100-მა მცხოვრებმა მოაწერა, რათა დეპუტატს შუამდგომლობა გაეწია დედაქალაქის მერ, კახა კალაძესთან. მოსახლეობა მოითხოვდა, ვაშლიჯვარში, პ. სარაჯიშვილის N36-ში მდებარე 15 229 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, მოწყობილიყო რეკრეაციული სივრცე.
ვაშლიჯვარში მცხოვრები დიანა ტევანიანი GBC-ის უყვება, რომ "აღნიშნული სივრცის პარკად მოწყობის იდეა მოსახლეობას იმიტომ გაუჩნდა, რომ ეს მიწა იყო თავისუფალი და გამწვანებული".
დიანა ამბობს, რომ "ამის შემდეგ, მერიამ აიღო ეს განცხადება და გადაგზავნა პარლამენტში განმარტებით, რომ ხალხი ითხოვს პარკს და მიწა გადმოგვეცით რეკრეაციული ზონის მოსაწყობადო".
პარლამენტმა ვაშლიჯვარში, პ. სარაჯიშვილის N36-ში მდებარე 15 229 კვ.მ. ფართობის მიწა მერიას გადასცა, შესაბამის დოკუმენტს ხელს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე აწერს.
საბოლოოდ, მიწა გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
ამ ყველაფრის შემდეგ, დიანა ტევანიანი სოციალური ქსელის მეშვეობით სწერდა დეპუტატ ავთანდილ ცინცაძეს, რათა დაეზუსტებინა, თუ რა ეტაპზე იყო პარკის მშენებლობის საკითხი.
ე.წ სქრინებიდან, რომლებიც ჩვენ დიანამ მოგვაწოდა, ვიგებთ, რომ ორი წლის წინ, 2022 წელს, ცინცაძე ტევანიანთან პირად მიმოწერაში ადასტურებს, რომ აღნიშნული ტერიტორია იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, დედაქალაქის მერის მოთხოვნის შემდეგ კი გადაეცა თვითმმართველობას.
ცინცაძე ტევანიანს იმასაც ეუბნება, რომ მოცემულ ტერიტორიაზე დაგეგმილია ვაშლიჯვრის დიდი პარკის მშენებლობა და სანამ დიანა მიმართავდა დეპუტატს პარკის მშენებლობის მოთხოვნით, ცინცაძეს უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა ამ პროექტზე.
უკვე ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის 14 მარტს, ტევანიანი კიდევ ერთხელ სწერს ცინცაძეს, არის თუ არა რაიმე სიახლე ვაშლიჯვრის პარკთან დაკავშირებით. ცინცაძე კი უდასტურებს, რომ "სიახლე არაფერია, მაგრამ წესით მალე იქნება".
დიანა ტევანიანს სოციალურ ქსელის პირად მიმოწერებში ავთანდილ ცინცაძე ეუბნება იმასაც, რომ აღნიშნულ საკითხზე ბევრი იმუშავა, რათა ტერიტორია თვითმმართველობის ბალანსზე გადმოსულიყო და უდასტურებს ტევანიანს იმასაც, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსდება პარკი და არა სკვერი.
"ამ ყველაფრის შემდეგ, უცებ, ჰოი საოცრებავ და 2024 წლის აგვისტოში მიწა უსასყიდლოდ გადაეცა რაღაც კომპანიას", - ამბობს დიანა ტევანიანი GBC-სთან საუბარში.
ამ ყველაფრის შემდეგ, დიანა უკვე საჯაროდ, კვლავ სოციალურ ქსელში, ავთანდილ ცინცაძის პოსტზე წერს კომენტარს და სვამს კითხვას, "რატომ მოგვატყეთ?" - ცინცაძე პასუხობს, რომ "აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორი თავადვე მოაწყობს რეკრეაციულ სივრცეს და ის გადაეცემა მუნიციპალიტეტს".
ტევანიანის პასუხი კი არის: "თქვენ დაგვპირდით პარკის გაშენებას და არა კორპუსებში პატარა სკვერის". ამის შემდეგ, ავთანდილ ცინცაძე ტევანიანს "ბლოკავს" სოციალურ ქსელში.
"ერთი სიტყვით, შედეგად მივიღეთ, რომ უკვე გრგ-ზე აქვთ განაცხადი შეტანილი და გასაოცრად ოპერატიულად მიდის სამშენებლო პროექტის რეგისტრაცია", - განაცხადა დიანა ტევანიანმა.
ასე დასრულდა ვაშლიჯვრელებისთვის სანუკვარი ექტარნახევრიანი პარკის მშენებლობის „ლამაზი ზღაპარი“ და აქაური მშობლები თავის ბავშვებს მუქი ფერის ცათამბჯენების ეზოებში თუ გაასეირნებენ, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ახალი დასახლების მცხოვრებლები საკუთარ კარ-მიდამოს ბეტონის კედლებს არ შემოავლებენ და საგულდაგულოდ არ ჩაკეტავენ ჭიშკარს.