თბილისი (GBC) – დუბაიში ხუთი ბირთვული სახელმწიფოს წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ აშშ–ის, ჩინეთის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ამის შესახებ რუსული გამოცემა კომერსანტი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „ბირთვული ხუთეულის“ ფორმატს ამჟამად სწორედ ჩინეთი თავმჯდომარეობს.

საიდუმლო შეხვედრა დუბაიში 4 დეკემბერს გაიმართა, თუმცა ჩინეთის საგარეო უწყებამ ამის შესახებ განცხადება მხოლოდ 10 დეკემბერს გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ინფორმაციის ასეთი დაგვიანება შემაჯამებელი კომუნიკეს შეთანხმების ხანგრძლივმა პროცესმა განაპირობა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ექსპერტების დონეზე ჩატარდა. ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა ბირთვული დოქტრინების საკითხები განიხილეს.

„ბირთვული ხუთეული“, რომელიც დიდი ბრიტანეთის ინიციატივით 2009 წელს შეიქმნა, ერთადერთი პლატფორმაა, სადაც მხარეები საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს დახურულ კარს მიღმა რეგულარულად განიხილავენ.