თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილში ბრიუსელის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა და ის დაპირისპირების გაღრმავების მცდელობად შეაფასა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაშორდა თავის ფუძემდებლურ პრინციპებს და გადავიდა „პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციებისა და ეკონომიკური შურისძიების მუქარების“ რეჟიმში.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ვერ იაზრებს შუმანის დეკლარაციის არსს და ნაცვლად მშვიდობისა, ხელს უწყობს რადიკალიზმსა და საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ „რეჟიმის ცვლილების“ გეგმებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის დღის გამიჯვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისგან (9 მაისი) მიუღებელია, რადგან ეს უგულებელყოფს მეორე მსოფლიო ომში ქართველი ხალხის მიერ გაღებულ უდიდეს მსხვერპლს.
წერილში სპიკერმა ასევე ყურადღება გაამახვილა იდეოლოგიურ კონფლიქტზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს თავს მოახვიოს ქვეყანას „ცხოვრების ტრადიციულ წესთან და ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელი იდეოლოგიები“.
მისი თქმით, ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის „ერთპიროვნულ ბატონობას“ საქართველოზე, არამედ უნდა ეფუძნებოდეს თანასწორუფლებიანობასა და ეროვნული დამოუკიდებლობის პატივისცემას.
პაპუაშვილმა დაიცვა თბილისის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩაუბმელობის შესახებ და აღნიშნა, რომ სანქციების დაწესების მოწოდებები, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, საქართველოს ეკონომიკურ ნგრევას გამოიწვევდა. დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ევროკავშირს, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და გადახედოს „მავნე პოლიტიკას“, რათა გზა გაეხსნას ნამდვილ დიალოგს.