თბილისი (GBC) – ემანუელ მაკრონმა წინასაარჩევნოდ ღიად დაუჭირა მხარი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და განაცხადა, რომ სომხეთის ბედი ევროპასთანაა დაკავშირებული, როგორც The Guardian წერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთი სომხეთის მიტოვებაშიც დაადანაშაულა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან ათიათასობით სომხის იძულებით გადაადგილება მოჰყვა.
The Guardian-ის ცნობით, ფაშინიანი, რომელიც მეზობელი საქართველოს ლიდერებისგან განსხვავებით, სულ უფრო ღიად გამოხატავს თავის გადაწყვეტილებას დადგეს ევროპის მხარეს, მომავალ თვეში ხელახალი არჩევისას სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. სამი პრორუსული ან ნაციონალისტური პარტია ცდილობს დაასრულოს მისი რვაწლიანი მმართველობა; ისინი მას ადანაშაულებენ აზერბაიჯანის სასარგებლოდ ზედმეტი დათმობების გაკეთებაში მშვიდობის მოპოვების სანაცვლოდ.
მოსალოდნელია, რომ ოპოზიცია მაკრონს სომხეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვისაც დაესხას თავს. საფრანგეთის პრეზიდენტი ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც იგი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ევროპის არჩევა არ იყო მხოლოდ გეოპოლიტიკური თეორია, არამედ პრაქტიკული საწყისი წერტილი რიგითი სომხებისთვის.
საფრანგეთში ევროპის მასშტაბით სომხური ემიგრანტული თემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანებაა და მაკრონი დიდი ხანია ერევნის ევროპული გზის მხარდამჭერია. სწორედ მისი წახალისებით შეიკრიბა ორშაბათს ერევანში 40-ზე მეტი ევროპელი ლიდერი „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების“ ეგიდით - ეს არის ორგანო, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებს. სამშაბათს დილით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის გამართულ პირველ სამიტზე, ბლოკმა ქვეყანას სავიზო და სავაჭრო ლიბერალიზაცია შესთავაზა.
სამიტზე გამოსვლისას მაკრონმა განაცხადა: „ბევრი დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რომ სომხეთის ბედი მხოლოდ რუსეთის პატრონაჟის ქვეშ იყო შესაძლებელი“. თუმცა, მან დასძინა, რომ 2020 და 2023 წლებში აზერბაიჯანის შეტევების შემდეგ სადავო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხების მასობრივმა გადაადგილებამ, რომელშიც რუსეთი არ ჩაერია, აჩვენა, რომ მოსკოვის უსაფრთხოების დაპირება სიცრუე იყო.
„ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთმა მიატოვა სომხეთი, ჩვენ მივხვდით, რომ ყველაზე დიდი ოცნებები რეალობა არ არის“, - აღნიშნა მან.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ეს „სომხური მომენტი“, 6%-იანი ეკონომიკური ზრდით, მთელ რეგიონზე გავრცელდება.
„ვისურვებდი, რომ სომხური მომენტი მთელი კავკასიის მომენტად იქცეს. მე ორი რწმენა მაქვს: პირველი, სამხრეთ კავკასია არ უნდა იყოს იმპერიების მეტოქეობის ასპარეზი და მეორე, რეგიონი შეიძლება გახდეს გზაჯვარედინი ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის.
ამისათვის საჭიროა საზღვრების გახსნა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლები გამოიჩენენ ისეთსავე სიმამაცეს, როგორიც თქვენ და გაჰყვებიან მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გზას. საზღვრები სრულად უნდა გაიხსნას, მათ შორის აზერბაიჯანთან და თურქეთთან, და მათ ასევე უნდა იმუშაონ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე საქართველოსთან“.
ამასთან, მაკრონმა მოუწოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ალიანსისკენ, რათა დაცული იყოს კანონის უზენაესობა. მან განაცხადა, რომ ხანგრძლივი მშვიდობა ვერ იქნება თავსმოხვეული უძლიერესის მიერ ან დაფუძნებული ორმაგ სტანდარტებზე და 1945 წელს დადგენილი წესრიგის უპატივცემულობაზე.
ერევნის ქუჩებში სეირნობისას მაკრონი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობდა. შარლ აზნავურის სიმღერის, „La Bohème“-ის მისეული შესრულება სახელმწიფო ვახშამზე, სადაც ფაშინიანი დრამზე უკრავდა, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.