როგორ ტრანსფორმირდება კაპიტალი ყაზახეთში: ახალი მოთამაშეები, გარიგებები და ბიზნესის სტრუქტურული ცვლილება

თბილისი (GBC) – 2026 წელს მსოფლიო კაპიტალის ბაზარი კვლავ დაჩქარებული ტემპით იზრდება: Forbes-ის გლობალურ სიაში მილიარდერების რაოდენობამ რეკორდულ 3428-ს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 400-ით მეტია. მათი ჯამური ქონება $20 ტრლნ–ს აჭარბებს – 4 ტრილიონით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლო 12 თვეში პლანეტაზე საშუალოდ დღეში ერთზე მეტი ახალი მილიარდერი ჩნდებოდა. ყველაზე სწრაფი ზრდა ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ სექტორებში ფიქსირდება, თუმცა განვითარებად ბაზრებზე ნედლეული აქტივები რჩება კვლავ კაპიტალის მთავარ წყაროდ.

ყაზახეთის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგის მონაწილეთა ჯამურმა ქონებამ $60,84 მლლრდ–ს მიაღწია (წინა წელს – $57,5 მილიარდი), ხოლო საშუალო კაპიტალი 767 მილიონიდან 811 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

წლის მთავარი ცვლილება „მილიარდერთა კლუბის“ გაფართოებაა. გლობალურ რეიტინგს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად ახალი ყაზახი მილიარდერები დაემატნენ. სიაში შევიდნენ ნურლან სმაგულოვი (რეიტინგში №8) 1,3 მილიარდი დოლარის ქონებით (მსოფლიოში 2858-ე ადგილი) და აიდინ რახიმბაევი (№9) 1,1 მილიარდი დოლარით (3185-ე პოზიცია). ორივე არასანედლეულო სექტორს – ავტოინდუსტრიასა და დეველოპმენტს წარმოადგენს, რაც სტრუქტურულ ძვრაზე მიუთითებს: კაპიტალის ფორმირება სულ უფრო მეტად ბიზნესის მასშტაბირებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადადის. პირველ ადგილს კვლავ ინარჩუნებს ვიაჩესლავ კიმი, რომლის ქონებაც მისი ფინტექ-ეკოსისტემისა და საბანკო ბიზნესის ზრდასთან ერთად მატულობს.

ადგილობრივ დონეზე რეიტინგის განახლება მნიშვნელოვნად ბიზნესის გამჭვირვალობის ზრდას უკავშირდება: არაერთმა არასაჯარო კომპანიამ ფინანსური მაჩვენებლები და საკუთრების სტრუქტურა გაამჟღავნა, რამაც Forbes Kazakhstan-ს მათი ღირებულების უფრო ზუსტად შეფასების საშუალება მისცა.

რეიტინგის ახალბედები

სიაში მოხვდა 35 წლის შახმურატ მუტალიპი (№22), რომელიც რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც გახდა. ის სამშენებლო სექტორში პოზიციებს აძლიერებს Integra Construction KZ-ის მეშვეობით, რომლის მფლობელიც 2022 წლიდან არის. კომპანია სპეციალიზდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – რკინიგზისა და საავტომობილო გზების მშენებლობიდან და რეაბილიტაციიდან დაწყებული, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო ქსელების განვითარებით დამთავრებული. პარალელურად, იგი ოქროს მოპოვების სექტორშიც შედის „ალტინალმასის“ შეძენით, რომელიც რეიტინგის მომზადების მომენტში დასრულებული არ იყო.

კიდევ ერთი ახალბედაა ვლადიმირ სიტნიკი (№63), ავიაკომპანია SCAT-ის პარტნიორი ვლადიმირ დენისოვთან (№50) ერთად იგი აკონტროლებს საავიაციო აქტივს განვითარებული ინფრასტრუქტურით, მათ შორის რეგიონული გადაზიდვებითა და აეროპორტების მართვით.

აიგაზი კუსაინოვი (№64) ბიზნესს ავითარებს განათლებასა და ნედლეულ სექტორში. იგი ფლობს International Educational Corporation Ltd.-ს, რომელიც აერთიანებს ყაზახეთის არქიტექტურულ-სამშენებლო აკადემიას (KazGASA), ყაზახურ-ამერიკულ უნივერსიტეტს (KAU) და სკოლებს, მათ შორის Charterhouse Almaty-ს (გახსნა დაგეგმილია 2026 წელს). ამასთან, მონაწილეობს საბადოების განვითარებასა და საინვესტიციო პროექტებში მშენებლობასა და აგრობიზნესში.

ბეკჟან მამიტი (№66) არის Qazaq Bitum-ის მაჟორიტარი აქციონერი – ვერტიკალურად ინტეგრირებული ინდუსტრიული ჯგუფის, რომელიც აერთიანებს ნავთობგადამუშავებისა და ლოგისტიკის აქტივებს. იგი ასევე არის საინვესტიციო-სამშენებლო კომპანია DAUR Capital-ის ბენეფიციარი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში ახორციელებს.

სიაში შევიდა იური ცხაიც (№72), რომელიც Caspian Group-ის მეშვეობით დეველოპმენტსა და სამშენებლო მასალების წარმოებას ავითარებს. მისი ერთ-ერთი მთავარი პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი Iconic Towers ქალაქ ალატაუში – ალმათის აგლომერაციის განვითარების ახალ ცენტრში.

რეიტინგს დაემატა ბახტიარ ოსპანოვი (№75) – „ყაზახეთის მარცვლეულის კონსორციუმის“ მაჟორიტარი მფლობელი, აგროჰოლდინგის, რომლის მიწის ბანკი 900 ათას ჰექტარს აჭარბებს.

კაპიტალის გადანაწილება

მიმდინარე პერიოდი ხასიათდება კაპიტალის აქტიური გადანაწილებით მსხვილი გარიგებების გზით. „კორპორაცია კახახმისი“ გადავიდა ნურლან არტიკბაევის (№21) კონტროლქვეშ, ხოლო მისი ყოფილი აქციონერები ვლადიმირ კიმი (№2) და ედუარდ ოგაი (№15) მრავალი წლის განმავლობაში ფლობდნენ ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ აქტივს.

ტელეკომ სექტორში „ტრანსტელეკომზე“ კონტროლის ცვლილება დაიწყო ნურალი ალიევის (№41) მიერ Unit Telecom-ის გაყიდვით Jusan Mobile-ისთვის, რომელიც გალიმჟან ესენოვს (№19) ეკუთვნის. ამჟამად აქტივი გადადის ტიმურ ტურლოვის (№6) ბიზნეს-სტრუქტურების კონტროლქვეშ, რომლებმაც მისი შეძენა 2025 წლის დეკემბერში დაიწყეს.

ოქროს მოპოვების სექტორში გარიგებები, მათ შორის „აკ ალინალმასის“ შეძენის გეგმა შახმურატ მუტალიპის სტრუქტურების მიერ, ინვესტორთა მდგრად ინტერესზე მიუთითებს ნედლეულ აქტივების მიმართ. ბაზარზე უკვე განიხილება ახალი პოტენციური ტრანზაქციებიც, რაც უახლოეს პერსპექტივაში კაპიტალის გადანაწილების შესაძლებლობაზე მიანიშნებს.

რეიტინგის ფარგლებში გლობალური სიის ახალბედა აიდინ რახიმბაევმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, რატომ გააკეთა BI Group-მა დივერსიფიკაციასა და საერთაშორისო ექსპანსიაზე გათვლა, მათ შორის დუბაის პროექტებზე, და როგორ ფოკუსირდება დღეს „მემკვიდრეობის“ შექმნაზე საქველმოქმედო ინიციატივებისა და The Giving Pledge-სთან შეერთების გზით.

ასევე გაშუქდა, როგორ გარდაქმნა შახმურატ მუტალიპმა Integra Construction KZ რკინიგზის კონტრაქტორიდან უნივერსალურ ინფრასტრუქტურულ ინტეგრატორად; როგორ აქცევს ალექსანდრ დერიგლაზოვი ASCAR Cinema-ს რეგიონულ კინოდისტრიბუციის პლატფორმად; რა მსხვილი სპილენძის საბადოები შეიძინა ედუარდ ოგაიმ; როგორ გახადა არსენ ტომსკიმ inDrive მომგებიან გლობალურ პლატფორმად; როგორ ავითარებს ალმაზ ალსენოვი აგრობიზნესის ახალ მოდელს; რატომ ქმნის ერლან სულეიმენოვი ერთიან სამედიცინო ეკოსისტემას; როგორ აწყობს კანატ კოპბაევი ლოგისტიკურ პლატფორმას თურქესტანის აეროპორტის ბაზაზე და როგორ გააქვს ნურლან სმაგულოვს ჩინური ავტობრენდები ევროპის ბაზარზე.