თბილისი (GBC) – რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატაში ორშაბათს, 19 ივნისს, რუსეთ–საქართველოს საქმიანი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოსთან ლოგისტიკის, დაზღვევისა და ტვირთების ტრანზიტის საკითხები განიხილეს. GBC.GE დაინტერესდა, თუ ვინ მონაწილეობს ქართული მხრიდან „რუსეთ–საქართველოს საქმიან საბჭოში“ და შესაბამისი კითხვით მიმართა რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატას. პასუხი ოპერატიულად მივიღეთ: „რუსეთ–საქართველოს საქმიანი საბჭო მუშაობს, მაგრამ მისი სარკისებური სტრუქტურა – საქართველო–რუსეთის – ფორმირების სტადიაშია“, – გვიპასუხა ოლგა სტასიუნმა, რომელიც რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის მთავარი ექსპერტია და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. 

სტასიუნი თავის პასუხში არ აკონკრეტებს, თუ ვისთან მიმდინარეობს საქართველოში „სარკისებური სტრუქტურის“ ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები.

პალატის მიერ სამშაბათს გავრცელებული პრეს–რელიზის თანახმად, სხდომის გახსნისას პალატის ვიცე–პრეზიდენტმა ვლადიმირ მადალკომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის რეაბილიტაციაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, საქართველო–რუსეთს შორის კომუნიკაციას შეამსუბუქებს. არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო მოძრაობის ორგანიზებისთვის, თქვა მადალკომ.

რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ინფორმაციის თანახმად, განიხილეს რუსეთის გადაზიდვებში ქართული სატვირთოებისა და მძღოლების დაშვების საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში ინვესტიციების საკითხიც განიხილეს, ასევე ისაუბრეს ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის საკითხებზეც. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი სერგეი კატირინი მაისში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობდა.

რუსულ–ქართული საქმიანი საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. მის ხელმძღვანელად რუსეთის კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის და ტურიზმის მდგრადი განვითარების ეროვნული ფონდის პრეზიდენტი იური ბალაშოვი აირჩიეს. მარტში იგი საქართველოში იმყოფებოდა, საქმიანი შეხვედრები გამართა კახეთში მეღვინეებთან.