თბილისი (GBC) - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მას საჯარო პოზიციების გამო დევნის.

ორგანიზაციის შეფასებით „ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული“.

„ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე“, – წერია განცხადებაში.

საიას მიაჩნია, რომ მის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სამშაბათს, 4 თებერვალს დაწერა, რომ იგი 18 საათიან მოამბეს აღარ წაიყვანს.

ტელეწამყვანი ავრცელებს პირველი არხის ოფიციალურ პოზიციას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულის მიზეზად სახელდება „მოამბის“ პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმა.

ტელეწამყვანი წერს, არხის ოპიციალური პოზიციით „არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება  საინფორმაციო გამოშვება „მოამბეს" წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება.“

„მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე. ოფიციალური პოზიცია – როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე „მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც „მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს  შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის  მიზნით,  გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება“,- წერს ჩიქოვანი.

მაია ჭუჭულაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერმა სამშაბათს თქვა უარი ამ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებაზე, რომლის წამყვანიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანია.

„მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსში, რა არის ამის მთავარი მოტივაცია და მიზეზი, ამ სხდომებზე ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენაა, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენის ქვეშ არის ეკა შონია და მერე უკვე ალბათ დანარჩენი ყველა ჩვენ. ეს ძალიან მარტივი თემაა რაც, მეტ-ნაკლებად ტელევიზიასთან შემხებლობაში ვინც არის, იმან იცის, რომ ეკა შონია, თავისით, ასე გავლენას ვერ განახორციელებს აბსტრაქტულად, თუ რამე გავლენა უნდა განახორციელოს, მან დავალება მინიმუმ უნდა მოგვცეს ჩვენ, აქ მსხდომ პროდიუსერებს.

ჩვენ მერე ეს უნდა ვუთხრათ წამყვანს, ჟურნალისტს და ასე შემდგომ, თუ თქვენ, ან ვინმე, საინფორმაციო სამსახური, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც, ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე ოდესმე მისთვის მითხოვია პირობითად ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ თქვენ ასეთ ადამიანს მოამბის საინფორმაციო სამსახურში, უბრალოდ ვერ ნახავთ“, – თქვა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.