თბილისი (GBC) - გამოცემა The Information-ზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ OpenAI შეთანხმდა ჩიპების მწარმოებელ სტარტაპ Cerebras-ს სამი წლის განმავლობაში $20 მლრდ-ზე მეტი გადაუხადოს ამავე კომპანიის ჩიპებზე მომუშავე სერვერების გამოსაყენებლად. შეთანხმების ფარგლებში, ChatGPT-ის შემქმნელმა შესაძლოა ფირმის კაპიტალში წილიც მიიღოს.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც OpenAI ცდილობს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში ლიდერობა შეინარჩუნოს და მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. იანვარში კომპანია უკვე დათანხმდა Cerebras-ისგან სამი წლის განმავლობაში 750 მეგავატი გამოთვლითი სიმძლავრის შესყიდვას, რაც $10 მლრდ-ზე მეტად იყო შეფასებული. ახალი ვალდებულებები ორჯერ აღემატება OpenAI-სა და ჩიპების მწარმოებელს შორის მანამდე არსებულ შეთანხმებას.

Reuters-მა ვერ შეძლო ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება. OpenAI-ს სამუშაო საათების შემდეგ გაგზავნილ მოთხოვნაზე კომენტარი არ გაუკეთებია, Cerebras-მა კი კომენტარისგან თავი შეიკავა.

აღნიშნული გარიგება ხაზს უსვამს ინდუსტრიის მზარდ მადას გამოთვლითი სიმძლავრეების მიმართ, რაც აუცილებელია inference-ის პროცესისთვის, რომლის მეშვეობითაც ხელოვნური ინტელექტის მოდელები პასუხებს აგენერირებენ.

ანგარიშის თანახმად, Cerebras-მა OpenAI-სთან მანამდე გაუმჟღავნებელი შეთანხმების დეტალები, შესაძლოა, უკვე პარასკევს გამოაქვეყნოს.

გარიგების პირობებით, OpenAI მიიღებს ვორანტებს Cerebras-ის უმცირესობის წილზე, ხოლო მისი წილი შესაძლოა გაიზარდოს დანახარჯების ზრდასთან ერთად.

The Information ასევე წერს, რომ OpenAI დათანხმდა Cerebras-ისთვის დაახლოებით $1 მლრდ-ის გამოყოფას იმ მონაცემთა ცენტრების განვითარების დასაფინანსებლად, რომლებშიც მისი ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები იმუშავებს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანმა დანახარჯებმა, შესაძლოა, $30 მლრდ-ს მიაღწიოს, რაც Cerebras-ში 10%-მდე წილის მფლობელობაში შეიძლება გადაიზარდოს.

Reuters წერს, OpenAI-სთან კავშირი გადამწყვეტია Cerebras-ის მცდელობისთვის, გავიდეს საფონდო ბირჟაზე (IPO). ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გეგმავს აქციების საჯარო განთავსებას.

კალიფორნიაში, სანივეილში ბაზირებული Cerebras, რომელიც ბოლოს $23.1 მილიარდად იყო შეფასებული, მომდევნო თვეში $3 მლრდ-ის მოზიდვას გეგმავს, რა დროსაც მისი სავარაუდო საბაზრო ღირებულება $35 მლრდ იქნება.

2015 წელს დაარსებული კომპანია ცნობილია თავისი wafer-scale engine ჩიპებით და კონკურენციას უწევს Nvidia-სა და სხვა მწარმოებლებს. აღსანიშნავია, რომ OpenAI-ს გენერალური დირექტორი სემ ალტმანი Cerebras-ის ერთ-ერთი ადრეული ინვესტორია.