თბილისი (GBC) – გამოცემა National Interest-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური კვლევა, რომლის ავტორები ინალ შერიპი და ლუკ კოფი დასავლეთს სტრატეგიული ხედვის შეცვლისკენ მოუწოდებენ. კვლევის მიხედვით, შავი ზღვა, კავკასია და კასპიის ზღვა უნდა აღიქმებოდეს როგორც ერთიანი სისტემა – შავი ზღვა-კასპიის რეგიონი (BSCR).
ავტორები ასკვნიან, რომ ვაშინგტონმა ეს არეალი აღარ უნდა განიხილოს როგორც პერიფერიული ნაწილი, რადგან მისი სტაბილურობა პირდაპირ კავშირშია ევროპის ენერგოუსაფრთხოებასთან.
კავკასია – ევრაზიის ეკონომიკური ხიდი
კვლევაში ხაზგასმულია, რომ უკრაინის ომმა დააჩქარა ახალი ევრაზიული წესრიგის დაბადება. ამ მოცემულობაში, სამხრეთ კავკასია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო და სატრანზიტო დერეფანს, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს.
თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ეს ფუნქცია საფრთხის ქვეშაა, სანამ ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის დომინირების ქვეშ რჩება. ჩრდილოეთ კავკასია აღწერილია, როგორც „სტრუქტურული საკეტი“, რომელიც სამხრეთ სატრანზიტო მარშრუტებს „დამოკლეს მახვილივით“ ადგას.
ორი საკვანძო სცენარი
ავტორები ორ მთავარ სცენარს განიხილავენ:
- რუსული კონტროლის შენარჩუნება: რუსეთი ინარჩუნებს ძალის პროექციას და რეგიონულ კავშირებზე აწესებს მუდმივ „რისკის დანამატს“ (risk surcharge), რაც აფერხებს ინვესტიციებს და ართულებს ეკონომიკურ დაგეგმვას.
- რუსეთის გავლენის შესუსტება: მოსკოვის კონტროლის შესუსტება ჩრდილოეთ კავკასიაზე ათავისუფლებს რეგიონს ბლოკადისგან. ეს ქმნის შესაძლებლობას, შავი ზღვა-კასპიის რეგიონი გადაიქცეს სრულად ინტეგრირებულ სისტემად, რომელიც თავისუფალი იქნება გარე შეზღუდვებისგან.
სტატიის დასკვნით ნაწილში ნათქვამია: „ამ წესრიგში შავი ზღვა-კასპიის რეგიონის საკვანძო წერტილების დაცვა დასავლეთისთვის სტრატეგიული აუცილებლობა ხდება“. ავტორები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, რეგიონზე, როგორც ერთიან სისტემაზე ფიქრი ახლავე დაიწყონ, რათა ხელიდან არ გაუშვან რუსეთის გავლენისგან თავისუფალი ევრაზიის პერსპექტივა.