თბილისი (GBC) – უკრაინის მიერ რუსეთის საკვანძო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილმა ბოლოდროინდელმა სარაკეტო და დრონების დარტყმებმა კრემლის ეკონომიკა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დააყენა. გამოცემა POLITICO-ს ანალიტიკური სტატიის თანახმად, რუსეთის 83 რეგიონიდან ორი მესამედი ამჟამად საწვავის მიწოდების დეფიციტზე იტყობინება, რაც მილიონობით მოქალაქესა და ადგილობრივ ბიზნესს მყისიერ საფრთხეს უქმნის.

ვითარება განსაკუთრებით კრიტიკულია ანექსირებულ ყირიმში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, საწვავის საცალო გაყიდვა აკრძალულია, ხოლო ნახევარკუნძულის ეკონომიკის მთავარი საყრდენი, ტურიზმი - სრულად ჩამოიშალა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საჯაროდ სიტუაციის შელამაზებას ცდილობს და აცხადებს, რომ „გარკვეული დეფიციტი კრიტიკული არ არის“, რეალური მასშტაბების დამალვის მიზნით, კრემლმა შიდა ბაზარზე საწვავის ფასების სტატისტიკის გამოქვეყნება შეაჩერა. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში მასობრივად ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებში მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კრიზისი იმდენად ღრმავდება, რომ ინდოეთი, რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი მყიდველი - საკუთარ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს რუსეთში უკან, ექსპორტზე აბრუნებს. ექსპერტების განმარტებით, უკრაინამ მიზანმიმართულად გაანადგურა კატალიზური კრეკინგის დანადგარები, რომელთა შეკეთება ან შეცვლა დასავლური სანქციების ფონზე რუსეთს დამოუკიდებლად არ შეუძლია. „კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსის, სერგეი ვკულენკოს თქმით, რუსეთში ბენზინის ხელმისაწვდომობა ამჟამად უკრაინულ დრონებსა და რუსულ სარემონტო ჯგუფებს შორის შეჯიბრზეა დამოკიდებული და უპირატესობა კიევის მხარესაა.

კრიზისის პარალელურად, რუსეთში მწვავე დებატები მიმდინარეობს მონეტარულ პოლიტიკაზე. საწვავის დეფიციტი ზრდის ინფლაციურ რისკებს, რის გამოც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, ელვირა ნაბიულინას ხელმძღვანელობით, ივნისში რეფინანსირების განაკვეთი მხოლოდ 14.25%-მდე შეამცირა (მანამდე ბანკს გადახურების საპასუხოდ განაკვეთის 23%-მდე გაზრდაც კი მოუწია). განაკვეთების უფრო სწრაფ შემცირებას აქტიურად ითხოვს უმსხვილესი „სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი, თუმცა ნაბიულინა აცხადებს, რომ მსგავსი ექსპერიმენტი ქვეყანას სტაგფლაციამდე მიიყვანს.

აღსანიშნავია, რომ გრეფიც და ნაბიულინაც ომს პირდაპირ აკავშირებენ მზარდ ეკონომიკურ პრობლემებთან. გრეფის განცხადებით, „ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც საომარი მოქმედებების სწრაფი დასრულების გარდა სხვა საზრუნავი ჰქონდეს“.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთს საწვავთან ერთად ფინანსური რესურსებიც ეწურება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამხედრო და გასაიდუმლოებული ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის ნახევარს შეადგენს. გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის (SWP) ანალიტიკოსის, იანის კლუგეს მონაცემებით, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური აქტივები, რომელიც 2022 წლის დასაწყისში მშპ-ის 7%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის აპრილისთვის კატასტროფულად - მშპ-ის 1.7%-მდე შემცირდა.